მმართველი პარტია და ოპოზიცია ურთიერთბრალდებებით გამოდიან

არჩევნების დაწყებიდან სამ საათში ოპოზიცია და მმართველი პარტია მწვავე ინციდენტების შესახებ იტყობინებიან. მმართველი პარტია გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან ”ძალიან სერიოზულ” დარღვევებზე მიუთითებს და მათ არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

ნაციონალური მოძრაობის შტაბის ინფორმაციით, მარნეულის რაიონის ორ უბანში მოხდა შევარდნა და საარჩევნო ყუთის დაზიანება. 

”კონკრეტულად [გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატზე მარნეულში] ბეჟან გუნავაზეა საუბარი, რომელიც ამ ქმედებებს ჩადიოდა,”- განაცხადა მმართველი პარტიის სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ, ”მე მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ ორგანოებს აღკვეთონ არეულობის მცდელობა”.

”მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას: ეს არჩევნები არ არის  დესტაბილიზაციის გზა, ეს არის საშუალება ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და წავიდეს წინ, ამიტომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა კეთილი ინებოს და აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ეს არჩევნები ჩატარდება მშვიდად”. 

დეპუტატმა გიგი წერეთელმა მმართველი პარტიიდან ასევე განაცხადა, რომ საბურთალოს 66-ე უბანზე რესპუბლიკური კანდიდატის თინა ხიდაშელის მომხრეები ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ კომისიის წევრებზე. 

”ამას მოჰყვა საკმაოდ სერიოზული შეხლა-შემოხლა და როგორც გვაქვს ინფორმაცია, ერთი ადამიანი დაშავებულიც არის ამ შეხლა-შემოხლის დროს,”- განაცხადა გიგი წერეთელმა საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე. 

იმავდროულად, ცხრა ოპოზიციური პარტიის ბლოკის შტაბის ხელმძღვანელმა, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, რომ წალენჯიხაში მათი აგიტატორი იქნა მოკლული. 

”წალენჯიხაში, მე-10 უბანზე ჩვენი აგიტატორი გერონტი კაცია მოკლული იქნა სანადირო თოფით,”- განაცხადა გამყრელიძემ, ”ადამიანი მოკლეს იმიტომ, რომ მას აგიტაცია არ გაეწია და მისი გავლენა არ ყოფილიყო მნიშვნელოვანი არჩევნების დროს. ეს არის უკვე პირველი მსხვერპლი ამ არჩევნებისა და ეს იყოს ამ ხელისუფლების სინდისზე”. 

ცესკოს ინფორმაციით, მკვლელობა საარჩევნო უბნიდან 2-3 კილომეტრში მოხდა და მას არაფერი აქვს საერთო საარჩევნო პროცესთან.

თუმცა ცესკოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ რიგ უბნებზე დაძაბული ვითარებაა. 

”მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს იყვნენ კორექტულნი და მოერიდონ რაღაც პროვოკაციებში და ინციდენტებში ჩაბმას,”- განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა.

Exit mobile version