ცხრა პარტიის ოპოზიციურმა ბლოკმა განაცხადა, რომ ”მძიმე დარღვევები” დაფიქსირდა 12 საარჩევნო უბანზე, მათ შორის საგარეჯოში, ხონში, ხაშურში და სიღნაღში და მოითხოვა ამ უბნებზე არჩევნების შედეგების გაბათილება.
”ჩვენს წარმომადგენლებს ამ უბნებზე [საგარეჯოს ოლქის 45-ე, 46-ე, 35-ე, 36-ე საარჩევნო უბნებზე] ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს,” – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ დილის 10 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ უბნებზე ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა ხდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ) წარმომადგენელმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა დილის 9 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთადერთი ინციდენტი დაფიქსრიდა საგარეჯოს რაიონის 37-ე საარჩევნო უბანზე. მისი თქმით, საარჩევნო კომისიის წევრებს შორის შეკამათება მოხდა, ”თუმცა ინციდენტი უკვე ამოწურულია და არჩევნები ამჟამად ყველგან ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს”.