მმართველი პარტია არჩევნების დღეს თბილისის ამომრჩეველს სატრანსპორტო საშუალებებით უფასოდ უზრუნველყოფას სთავაზობს იმ მოტივით, რომ ”რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება”.
ამის შესახებ დღეს ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატმა ირაკლი ქავთარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამომრჩეველთა ტრანსპორტირებისათვის 150 სატრანსპორტო საშუალებაა დაქირავებული, რომელთა სანომრე ნიშნები გადაეცემა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ”თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობები”.
საქართველოში არჩევნების გაყალბების აპრობირებულ მეთოდად ითვლება ე.წ. ”კარუსელი”, რომლის დროსაც მომხრეების გადაყვანა უბნიდან უბანზე რამდენჯერმე ხმის მიცემის მიზნით ორგანიზებულად, სატრანსპორტო საშუალებებით ხდება. მიკროავტობუსების გამოყენებით ”კარუსელების” დატრიალების ფაქტები ადრე ჩატარებულ არჩევნებზე მედიის საშუალებით არაერთხელ დაფიქსირდა.