სადამკვირვებლო ორგანიზაციები წინასაარჩევნო სიტუაციის შესახებ

ოთხმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებიან, 19 მაისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც, ძირითადად, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი.

ორგანიზაციებმა – ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” – აღნიშნეს განცხადებაში, რომ საჯარო მოხელეები ”აქტიურად მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში… როგორც სამსახურისგან თავისუფალ დროს, ასევე სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების პროცესში”. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართული კამპანიაში გუბერნატორები.

საარჩევნო კოდექსში განსხვავებული მიდგომებია პოლიტიკურ თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოხელეების მიმართ; მაშინ როცა პოლიტიკური თანამდებობის პირებს აქვთ უფლება აგიტაცია აწარმოონ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს, საჯარო მოხელეებს ეს აკრძალული აქვთ და აგიტაციაში მონაწილეობა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როდესაც ოფიციალური ფუნქციებს არ ასრულებენ.

განცხადების თანახმად, ამომრჩეველთა მოსყიდვის და მატერიალური ფასეულობების დარიგების და დაპირების შემთხვევები  ”ხშირი იყო” მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო ათი დღის მანძილზე გაიზარდა ზეწოლის შემთხვევები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ზეწოლა განხორციელდა საჯარო სკოლების მასწავლებლებზე, ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარ კანდიდატებზე, ასევე, ზოგიერთ ბიზნესმენსა და ადგილობრივ დამკვირვებელზე.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფის თანახმად, განათლების მინისტრის მოადგილესა და ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის 14 მაისს გამართულ შეხვედრაზე ზეწოლის მხოლოდ სამი შემთხვევა გადაეცა სამინისტროს შემდგომი შესწავლისთვის.    

ოთხი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს განცხადებაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ნაკლები ინტენსივობით, მაგრამ ისევ განმეორდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მონაცემების შეგროვების ფაქტები სხვადასხვა მიზეზებითა და მექანიზმებით. ”ამ ნომრების შეგროვება აღიქმება ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლის მცდელობად,” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება ასევე აღნიშნავს საზოგადოებრივი ნდობის ნაკლებობას საარჩევნო ადმინსტრაციის მიმართ, თუმცა ამის მიუხედავად, მოუწოდებს ამომრჩევლებს არ დაიზარონ 21 მაისს საარჩევნო ურნებთან მისვლა.

”ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ახლავს თან, საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, არჩევნების მიმართ საზოგადოების ნდობის სიმცირეა,” – ნათქვამია განცხადებაში, ”ეს ნაწილობრივ იმ მიზეზით არის განპირობებული, რომ დღემდე არ დასრულებულა ის გამოძიებები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებს ეხებოდა”.

სამართლიანი არჩევნების სამთავრობო ჯგუფის თანახმად, სამი საარჩევნო მოხელე გასამართლდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი გაყალბების გამო.

დამკვირვებელი ორგანიზაციების განცხადება ასევე მიუთითებს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ”პროტესტის აგრესიული ფორმის” შესახებ.

”წინასაარჩევნო პერიოდში სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა იმის გამო, რომ თავიანთი უკმაყოფილების გამოსახატავად ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა პროტესტის ძალადობრივ ფორმებს მიმართა,” – ნათქვამია განცხადებაში. 

აქ, სავარაუდოდ, იგულისხმება 1 მაისს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკის ლიდერების მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ გამართული საპროტესრო აქცია პოლიციასთან შეხლა-შემოხლით დასრულდა.    

 

Exit mobile version