პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციურ ძალებს ქვეყნის მართვის პროცესში ჩართულობის კონკრეტული ბერკეტები უნდა მიეცეთ და შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა იტვირთონ.
”და ის, რომ დღეს ეს განცდა არ არის… პოლიტიკური ოპოზიციის გარდა ეს არის, მე ვფიქრობ, ჩვენი პასუხისმგებლობა და რაღაცნაირად ჩვენი სისუსტე,”- განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს სახელმწიფო სტიპენდიანტებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ოპოზიციას მომავალ პარლამენტში გარკვეული თანამდებობები უნდა ერგოს. ამ მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო თანამდებობებზე არცერთი ოპოზიციონერი არ იყო წარმოდგენილი. უმრავლესობასთან არსებული თანაფარდობის გამო ოპოზიციურ ფრაქციებმა ვერ მოახერხეს ვერც უმცირესობად გაფორმება და ვიცე-სპიკერის პოსტის მიღება.
”მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მეტი უფლებები მივცეთ თუნდაც ოპოზიციას და შემდეგ პარლამენტში ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”აუცილებლად უნდა გავაკეთოთ მათთვის სახელისუფლებო გარკვეული ბერკეტების მიცემა, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ მათთვის ბევრად უფრო მეტი ხელმძღვანელი თანამდებობის მიცემა პარლამენტის შიგნით და შეიძლება მთავრობის შიგნითაც”.
”ამაზეც შეიძლება ღიად ლაპარაკი იმისათვის, რომ ქვეყნის წარმატება ამ ხალხს [ოპოზიციას] უხაროდეს ისევე, როგორც მთავრობას და უმრავლესობას და დანარჩენ საზოგადოებას და ქვეყნის წარუმატებლობას განიცდიდნენ ისე, როგორც თავის პირად მარცხს და წარუმატებლობას,”- განაგრძო პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ”ამიტომ ჩვენი ამოცანაა მივცეთ მათ მეტი უფლებები და იქნება ამასთან ერთად მივცეთ მეტი პასუხისმგებლობის განცდა, მეტი ჩართულობის და გაზიარების განცდა იმისა, რაც არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე”.
5 იანვარს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მაშინ როცა საპროტესტო აქციებზე ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებდა, სააკაშვილმა ასევე შესთავაზა ოპონენტებს თანამდებობები მთავრობაში, თუმცა მაშინ ოპოზიციისგან კატეგორიული უარი მიიღო.