რესპუბლიკელები ოპოზიციაში ”უპასუხისმგებლო” ძალებზე საუბრობენ

 

დავით უსუფაშვილი რესპუბლიკური პარტიის საიუბილეო  ყრილობაზე, 12 მაისი. ფოტო: ინტერპრესნიუსი.

რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ოპოზიციის შიგნით არსებული ზოგიერთი ძალა ”კიდევ უფრო უპასუხისმგებლოა”, ვიდრე ამჟამინდელი ხელისუფლება; ამიტომ, მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, თუ ვინ უნდა შეცვალოს ახლანდელი ხელისუფლება.

”ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ საქმე იმაშია, თუ ვინ უნდა შეცვალოს იგი?” – განაცხადა რესპუბლიკელთა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარტიის ყრილობაზე 12 მაისს, ”მხოლოდ ამ ხელისუფლების შეცვლა ვერ მოაგვარებს პრობლემებს; ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, ვინ მოვა მათ სანაცვლოდ. ეს არის მთავარი პოლიტიკური საკითხი ახლა და აქ შეცდომა არ უნდა დავუშვათ”.

”რადგანაც არსებობს კიდევ უფრო უარესი პოტენციური ხელისუფლება, ვიდრე ამჟამინდელია. სწორედ ეს არის, რასაც ჩვენ, რესპუბლიკელები, ვეუბნებით ქართველ ხალხს. ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ უარესი, ვიდრე ეს ხელისუფლებაა, შეუძლებელია. ეს შესაძლებელია. ოპოზიციის შიგნით  არიან ისეთებიც, რომლებიც ამჟამინდელ ხელისუფლებაზე უფრო უპასუხისმგებლონი არიან. ოპოზიცია არ არის ერთი გუნდი. თორმეტი პარტია იღებს მონაწილეობას არჩევნებში და თითოეულს თავისი ისტორია აქვს,” – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა, რომელიც სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკური პარტიის შექმნის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, არ დააკონკრეტა ის ოპოზიციური ძალები, რომლებიც, მისი აზრით, ”უპასუხისმგებლონი” არიან. უსუფაშვილის გამოსვლა საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გააშუქა.

პოლიტიკური დღის წესრიგის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მისი თქმით, არის ის,”თუ როგორ უნდა მოვიდეს ახალი მთავრობა ხელისუფლებაში”.   

”საქართველოში უნდა დასრულდეს ხელისუფლების რევოლუციის გზით შეცვლის პრეცედენტები; ეს არის რესპუბლიკელების მთავარი გზავნილი,” – განაცხადა უსუფაშვილმა, ”თუ ჩვენ ხელისუფლებას 21 მაისის შემდეგ რევოლუციის გზით შევცვლით, ჩვენ განწირული ვიქნებით იმისთვის, რომ ჩავეფლოთ რევოლუციების ჭაობში”.

მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია კოალიციური მთავრობის მომხრეა. ”რესპუბლიკური პარტია ჯერ არ არის მზად, რომ თავად მართოს და ჩვენ ამას გულწრფელად ვაცხადებთ,” – განაცხადა უსუფაშვილმა, ”ჩვენი პარტნიორები სხვა ოპოზიციური პარტიებიდან ასევე გულწრფელები უნდა იყვნენ ამ მიმართებაში”.

თავის გამოსვლაში უსუფაშვილმა ასევე გამოთქვა პრეტენზიები ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკის მიერ თანამშრომლობის სურვილის ნაკლებობასთან დაკავშირებით. კერძოდ, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები სთავაზობდნენ ოპოზიციურ ბლოკს ჰყოლოდათ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თბილისის ათიდან ექვს ერთმანდატიან ოლქში და რესპუბლიკელები მზად იყვნენ დაესეხლებინათ თავიანთი კანდიდატურები დანარჩენ ოთხ ოლქში. ”მაგრამ პასუხი იყო, რომ მათ უნდოდათ ჰყოლოდათ კანდიდატები ათივე ოლქში,” – განაცხადა უსუფაშვილმა.  

”ჩვენ ახლაც მზად ვართ გავიხილოთ ასეთი ნაბიჯები,”- განაცხადა მან.

მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატებს, ისევე როგორც პარტია/ბლოკებს 19 მაისამდე შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება არჩევნებიდან გამოთიშვის, მათ შორის კანდიდატურის ამა თუ იმ სუბიექტის სასარგებლოდ მოხსნის თაობაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა სხვა ოპოზიციური ჯგუფებისგან, როდესაც რესპუბლიკელები მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის ბარიერის 30%-დან 50%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდნენ. ”მხოლოდ [დეპუტატმა] ზვიად ძიძიგურმა გამოთქვა მხარდაჭერა,” – განაცხადა უსუფაშვილმა, ”ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში ოპოზიცია 45-50 მაჟორიტარულ მანდატს მოიპოვებდა”.

კანონის თანახმად, ოლქის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს არჩევნები. ამ წესის თანახმად, მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, თუ მათ მოუწევთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ან ბლოკის რამდენიმე კანდიდატთან დაპირისპირება, რადგანაც ამ შემთხვევაში ოპოზიციისთვის მიცემული ხმები გაიყოფა. 

რესპუბლიკურ პარტიას ხშირად აკრიტიკებენ ოპოზიციური ჯგუფები კოალიციის დატოვების გამო. თუმცა, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის წინადადება იყო რამდენიმე დამოუკიდებელი საარჩევნო ბლოკის შექმნა იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელთაც ახლო იდეოლოგიები აქვთ. თუმცა, მისი თქმით, ეს წინადადება კოალიციაში შემავალმა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღეს.   

 

Exit mobile version