აფხაზეთის ხელმძღვანელობა მეთიუ ბრაიზას შეხვდა

აფხაზური მხარე მზადაა განაახლოს მოლაპარაკებები თბილისთან, თუ ეს უკანასკნელი შეასრულებს ყველა ძირითადი შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 10 მაისს.

ეს განცხადება მან სოხუმში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მეთიუ ბრაიზასთან და საქართველოში აშშ-ს ელჩთან ჯონ ტეფტთან შეხვედრამდე გააკეთა, იტყობინება ”აფსნიპრესი”. 

”ნაცვლად დადებითი მიმართულებით განვითარებისა, სიტუაცია უარყოფითი მიმართულებით ვითარდება,” – განაცხდა ბაღაფშმა, ”ჩვენ ვიყავით და კვლავაც რჩებით ყველა კამათის მშვიდობიანი მოგვარების მომხრე”.

ბაღაფშის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ ჟურნალისტებს განუცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ ”ადგილი ჰქონდა ძალიან გულწრფელ და ზოგჯერ ძალიან მწვავე აზრთა გაცვლა-გამოცვლას,” იტყობინება ”აფსნიპრესი”. 

მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკელმა დიპლომატებმა დახმარება შესთავაზეს არსებული დაძაბულობის განმუხტვის საქმეში. ”ამერიკელ დიპლომატებს რაიმე კონკრეტული შემოთავაზებები არ გაუკეთებიათ. მათ აინტერესებდათ აფხაზური მხარის შეხედულება, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს კონფლიქტი,” – განაცხადა ბჟანიამ.

სოხუმის პოზიცია უცვლელი რჩება, განაცხადა მან. მისი თქმით, აფხაზური მხარის მთავარი მოთხოვნაა კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანა. ”მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მოლაპარაკებების პროცესის განახლება,” – დასძინა ბჟანიამ. 

ამერიკულმა დელეგაციამ იმავე დღეს ასევე გამართა მოლაპარაკებები დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი შამბასთან.

”აფსნიპრესი” იტყობინება შამბას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ შეხვედრის დროს აშშ დელეგაციას ცალკეული პრინციპების პრიორიტეტულობაზე არ გაუკეთებია აქცენტი. ”ამგვარი მიდგომის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლის მოძებნა,” – დასძინა შამბამ.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ”მწვავე პოზიციამ და ქმედებებმა” უკვე გამოიღეს შედეგები, რადგანაც საქართველომ შეამსუბუქა რიტორიკა. ”ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს რიტორიკა უფრო მშვიდობიანი გახდა,” – განაცხადა შამბამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სოხუმს ”საფუძვლიანი წუხილები” გააჩნია. ”ჩვენ ვიცით, რომ ქართულმა მხარემ რამდენჯერმე დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი და დამარცხების შემდეგ ქართული მხარე ყოველთვის ეძებდა მესამე მხარეს – რუსეთს – რომ დაედანაშაულებინა ის… ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაწუხებს ასეთი ტიპის სცენარი. ჩვენ არ გვინდა ომი, რადგანაც ის ჩვენს ტერიტორიაზე იქნება და ჩვენ ეს უკვე გამოვცადეთ,” – განაცხადა შამბამ.

”ჩვენ ვცდილობთ პრობლემების მოგვარების დიპლომატიური გზები ვეძებოთ მოლაპარაკებების პროცესის ყველა მონაწილე მხარის დახმარებით, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრების დახმარებით,” – დასძინა მან.

 

Exit mobile version