ვაშინგტონს მიაჩნია, რომ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ”პროვოკაციული ნაბიჯები” აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უშლის ხელს, განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ 9 მაისს.
მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონს არ ”სჯერა, რომ საქართველო და რუსეთი ახლოს იყვნენ ომთან; სულაც არა.”
”რუსეთმა გადადგა რამდენიმე პროვოკაციული ნაბიჯი… მაგრამ ამ დრომდე აცხადებს , რომ არ უღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობა; მისი თქმით, მან დამატებითი ე.წ. სამშვიდობოები 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების თანახმად შეიყვანა, რითიც ჯერ კიდევ არ შეუვსია ის კვოტა, რომელიც ეკუთვნის. ამრიგად, ასეთ ვითარებაში ომზე საუბარი არ არის,” – განაცხადა ბრაიზამ.
”ჩვენ მივესალმებით საქართველოს მნიშვნელოვნად თავშეკავებულ პასუხს რუსეთის მიერ ბოლო კვირების მანძილზე გადადგმულ პროვოკაციულ ნაბიჯებზე,” – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე, ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის განცხადებები რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესაძლებლობის შესახებ ძალიან შემაშფოთებელია”.
ბრაიზას თქმით, აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.
”მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები, ისევე როგორც დსთ-ს სამხედრო სანქციების მოხსნა და რა თქმა უნდა, ცალმხრივი გადაწყვეტილება დსთ-ს სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდის თაობაზე ეწინააღმდეგება აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს,” – განაცხადა ბრაიზამ, ”რუსეთის ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც გაეროს მეგობართა პროცესის შუამავლის სტატუსს”.
რუსეთი, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფში შედის, რომელიც აფხაზეთის სამშვიდობო პროცესზე მუშაობს.
ბრაიზას თქმით, ”ბევრად უკეთესი იქნება”, თუ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებს პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო ინიციატივებზე.
”ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კოლეგები რუსეთში დაეხმარებიან ჩვენს კოლეგებს სოხუმში განახორციელონ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წამოყენებული იდეები, განავითარონ ისინი შემდგომში და დამატებები ან ცვლილებები შეიტანონ ამ იდეებში, რათა მივაღწიოთ ნამდვილ სამშვიდობო პროცესს, რაც დასრულდება აფხაზეთში პოლიტიკური მოგვარებით და რაც ქართველ დევნილებს დაბრუნების საშუალებას, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობას ერთიან საქართველოში უსაფრთხო ცხოვრების გარანტიას მისცემს”.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტების გაძლიერება უნდა იყოს იმ პროცესის ნაწილი, რომელმაც საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გახადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის.
10 მაისს ბრაიზა აფხაზეთს ეწვევა და დე ფაქტო ხელისუფლებასთან გამართავს მოლაპარაკებებს.