რუსეთის ელჩი სამშვიდობოების გასვლის შემთხვევაში ომზე აფრთხილებს

რუსული სამშვიდობო ძალების აფხაზეთიდან გასვლა ომით დასრულდება, განაცხადა რუსეთის ელჩმა საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკომ 9 მაისს.

”თუ სამშვიდობოები წავლენ იქიდან – ეს უკვე ომია,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს,”სამშვიდობოები 15 წელია იქ დგანან და 15 წელია მშვიდობას ინარჩუნებენ… მე არ მინდა, რომ საქართველოს მიწაზე კიდევ იყოს ომი”.  


მან განაცხადა, რომ რუსეთს არანაირი დაპირისპირება არ აქვს საქართველოსთან და დასძინა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება დამატებითი სამშვიდობოები განათავსოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არ არღვევს შეთანხმებას სამშვიდობო ოპერაციის თაობაზე.


რუსეთის ელჩმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა მას შემდეგ, რაც უცნობი ჯარისკაცის საფლავს პატივი მიაგო.


ამასობაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 მაისს განაცხადა, რომ რუსულმა დამატებითმა ძალებმა უკვე დაიწყეს თავიანთი მოვალეობების შესრულება ტყვარჩელის რაიონში საბაზო ბანაკების შექმნის შემდეგ. 

Exit mobile version