12 მაისს საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვევიან სლოვენიის, შვედეთის, პოლონეთის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები. ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
ვიზიტის ფარგლებში განიხილება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია.
ამავდროულად, ლიტვის მთავრობის პრეს-სამსახური იტყობინება 8 მაისს, რომ პრემიერ-მინისტრმა გედიმინას კირკილასმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის პოლონელ კოლეგასთან დონალდ ტუსკთან, რომლის დროსაც შეთანხმდნენ ”თავიანთი პოზიციების კოორდინირებაზე” რუსეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების პროცესში. ლიტვამ დაბლოკა რუსეთთან ევროკავშირის პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
”ლიტვას, ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მსგავსად, სურდა მოლაპარაკებების დაწყება; თუმცა, ლიტვას უნდოდა მოლაპარაკებების მანდატში შესულიყო უკვე წამოჭრილი კითხები, მაგრამ [რუსეთმა] მათზე პასუხები ჯერ არ გასცა,” ნათქვამია ლიტვის მთავრობის პრეს-რელიზში. ”კირკილასმა განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვაში გაყინული კონფლიქტების საკითხი, ევროკავშირი-რუსეთის თანამშრომლობა მართლმსაჯულების და ენერგოუსაფრთხოების სფეროში მთელი ევროკავშირის ინტერესებში შედის, და მან პოლონეთს მხარდაჭერა სთხოვა”.