ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხმების 44%-ს მიიღებს, ხოლო ცხრა პარტიის ოპოზიციური ბლოკი – 12%, ნათქვამია Greenberg Quinlan Rosner (GQR)-ს მიერ მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში.
ამავე გამოკითხვის თანახმად, მესამე ადგილი უკავია გიორგი თარგამაძის ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას 11%-ით; მას მოყვება ლეიბორისტული პარტია 7%-ით და რესპუბლიკური პარტია 4%-ით.
პარტიებმა და ბლოკებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ პროპორციული სისტემით არსებული 75 ადგილის გადასანაწილებლად საკანონმდებლო ორგანოში. სულ ქვეყნის მოსახლეობა 150-წევრიან პარლამენტს ირჩევს.
გამოკითხვის თანახმად, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 1 200 ამომრჩევლის პირისპირ ინტერვიუს ეფუძნება და რომელიც 14-20 აპრილის პერიოდში ჩატარდა, ამომრჩეველთა 16%-ს გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა მიღებული, თუ ვის მისცემს ხმას.
საველე სამუშაო ქართულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის კომპანია ACT Research Ltd.-მ, განახორციელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს დაახლოებით 2,8%-ს, GQR ცნობით.
საერთაშორისო გამოკითხვის კომპანია GQR აღნიშნავს, რომ გამოკითხვის შედეგები ასახავს ელექტორატის დამოკიდებულებას იმ პერიოდში, როდესაც ეს გამოკითხვა ჩატარდა და ვერ მოიცავს შემდგომში განვითარებული მოვლენების ზემოქმედებას, კერძოდ პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მოულოდნელ განცხადებას, რომ ის აღარ იყრის კენჭს არჩევნებში.
”და ის [გამოკითხვა] დასრულდა იმ პერიოდში, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს ჯერ არ ჰქონდათ დაწყებული აქტიური საარჩევნო კამპანია,” – განაცხადა GQR-მ, ”ამ და სხვა მომდევნო მოვლენებმა შესაძლოა შეცვალოს სხვადასხვა პარტიების მხარდაჭერის ხარისხი 21 მაისის არჩევნებამდე”.
GQR-მ ასევე ჩაატარა კვლევა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის დაკვეთით.