ეკა ტყეშელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება

საქართველოს გენერალური პროკურორი ეკა ტყეშელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ შეცვლის ტყეშელაშვილის ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტზე.

”ხვალ მთავრობის სხდომაზე მე უკვე მას ფორმალურად მივულოცავ ამ დანიშვნას,”- განაცხადა ლადო გურგენიძემ, ”ეკას მოუწევს პოსტზე ყოფნა ძალიან დაძაბულ, აქტიურ საგარეო პოლიტიკის პერიოდში, როდესაც ხდება მაქსიმალურად ყველა იმ გამოწვევის განეიტრალება და მათზე ადეკვატური პასუხი, რაც ჩვენ ამ ბოლო დროს გვაქვს”.

ეკა ტყეშელაშვილს ”რთულ და კრიტიკულ” პერიოდში ახალ პოსტზე 
წარმატება უსურვა მისმა წინამორბედმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა. ბაქრაძე, მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერი, ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტის ვმჯდომარედ მოიაზრება.

30 წლის ეკა ტყეშელაშვილმა გენერალურ პროკურორის პოსტზე სამ თვეს დაჰყო. მანამდე იგი  იუსტიციის მინისტრი, ხოლო 2007 წლის
აგვისტომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის ჯერ იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2005-2006 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version