ოპოზიცია საბიუჯეტო ორგანოების თანამშრომელთა დაშინების შესახებ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

გაერთიანებულმა ოპოზიციამ 5 მაისს გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელიც ფარულად იქნა მოპოვებული ცაგერის რაიონში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატსა და ადგილობრივი გამგეობის თანამშრომელთა შეხვედრიდან.


დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან განაცხადა, რომ ჩანაწერმა გამოავლინა ნაციონალური მოძრაობის მიერ სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლების დაშინებისა და მათზე ზეწოლის ფაქტი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ.


მამაკაცის ხმა, რომელიც ოპოზიციის თქმით, ვალერი გიორგობიანია, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცაგერში, აცხადებს: ”ცაგერში მუშაობს 80 პროცენტი ცაგერელი, ქალაქ ცაგერიდან და ქვედა ცაგერიდან მუშაობს ცაგერის რაიონში, საბიუჯეტო ორგანოებში 80 პროცენტი. არ იქნება 80 პროცენტი, კეთილი ინებეთ 22 მაისს მიბრძანდით სახლებში. ამას მე გაგიკეთებთ და ამას მე მივიყვან ბოლომდე”.


ვალერი გიორგობიანმა უარყო ეს ფაქტი და 5 მაისს Civil.Ge-ს განუცხადა სატელეფონო საუბარში: ”რაც არ მომისმენია და რაც არ მითქვამს, იმაზე ვერაფერს ვერ გეტყვით”. 


დეპუტატმა კახა კუკავამ 5 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერი ოპოზიციამ მოიპოვა ერთ-ერთი პიროვნებისგან, რომელიც 30 აპრილს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. თუმცა, მან ეს პიროვნება არ დაასახელა.


გიორგობიანმა განაცხადა: ”30 აპრილს ასეთი შეხვედრა არ ყოფილა”.


”მე სისტემატურად ვხვდები ხალხს, მოსახლეობას და მოვუწოდებ ხმა მისცენ ნაციონალურ მოძრაობას, აბა სხვა რა უნდა მოვუწოდო?” – განაცხადა მან. ” თუ ოპოზიცია იტყვის ან თქვენ, ჟურნალისტებს გეტყვით იმ პიროვნების ვინაობას, რომელმაც ეს ფირი მიაწოდა და ეს პიროვნება დამიდასტურებს, რომ ეს სიტყვები მე მეკუთვნის, მაშინ მე გავაკეთებ კომენტარს. ისე დასამალი ოპოზიციასთან და არავისთან არ მაქვს. რაც შეეხება მუქარას და სამსახურებიდან გათავისუფლებას, მე ეგ არ შემიძლია. ადრე მქონდა მაგის კომპეტენცია და არასდროს არ გამიკეთებია და არც ეხლა არ ვაპირებ ვინმეს მოხსნას”.


კუკავას თქმით, ოპოზიციური კოალიცია მიმართავს გენერალურ პროკურატურას შეისწავლოს აუდიოჩანაწერი და ესპერტიზის საფუძველზე დაადგინოს მისი ნამდვილობა.  


”თუ ეს ჩანაწერი დადასტურდა და მისი სინამდვილე დადასტურდა, ბუნებრივია, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს. მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ არც ერთ დარღვევას არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე,” – განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ 5 მაისს. 

Exit mobile version