გაერთიანებული ოპოზიციის ორი აქტივისტი დმანისში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავდა

გუშინ გვიან ღამით დმანისში, სავარაუდოდ, პარტიული დაპირისპირების ნიადაგზე, ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ორი აქტივისტი, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მომხრეებთან კონფლიქტის შედეგად დაშავდა, ერთი მათგანი დანით არის დაჭრილი.


დაზარალებულები ამჟამად თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადმოყვანილები. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეები ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან.


ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განაცხადებით, დმანისის პოლიცია ცდილობდა მომხდარი ფაქტის მიჩქმალვას. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ვერ ეგუებიან ოპოზიციის რიგებში არაქართველი წევრების ყოფნას.


დაზარალებულები მოინახულეს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა და ინციდენტის გამოძიება მოითხოვეს. 


”მე ველოდები რეაგირებას გენერალური პროკურატურისგან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან,”- განაცხადა სუბარმა, ”მათ უნდა მისცენ, პირველ რიგში, უმკაცრესი შეფასება და მათ უნდა შექმნან, პირველ რიგში, ის გარემო, როდესაც მსგავსი ფაქტები ვერ მოხდება და არ მოხდება”.


ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, გამოძიების დასადგენია, რამდენად მონაწილეობდნენ ინციდენტში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები.


”სამართალდამცავები ამ ფაქტს გამოიძიებენ, ამის გარანტიას ნამდვილად გაძლევთ,”- განაცხადა მან, ”გამოსაძიებელია ეს იყო ყოფით ნიადაგზე თუ პოლიტიკური დაპირისპირების ნიადაგზე”.


 

Exit mobile version