ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ორგანიზებით დღეს სპორტის სასახლესთან საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა, მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს.
”სანამ [ცესკოს თავმჯდომარე ლევან] თარხნიშვილი არ გამოაცხადებს შედეგებს ჩვენი შიშის ქვეშ იყოს, თუ გამოაცხადებს იმ შედეგებს, რომელიც იქნება სიყალბე, მივალთ, მე პირადად მივალ, წავავლებ იმ ჰალსტუხში ხელს და გამოვიყვან ხალხში, თქვენს სამსჯავროზე,”- განუცხადა აქციის მონაწილეებს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.
”გაიგოს ხელისუფლებამ, სიმბოლური აქციაა, მაგრამ ძალიან მტკივნეული მათთვის, გამზადებული გვაქვს ორი დიდი ფიცარი, რომ ავჭედოთ ცესკო დღეს,”- განაცხადა მან.
ამის შემდეგ მოეწყო დემონსტრაცია ცესკოს შენობისკენ, სადაც ისმის საპროტესტო შეძახილები საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მისამართით. შენობას პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავს. უკვე ჰქონდა შეხლა-შემოხლის ინციდენტს ადგილი პოლიციელებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის.
”ჩვენი შეკრებით გვინდა გავაფრთხილოთ თარხნიშვილი, ის რუხი კარდინალი [ცესკოს მდივანი გიზო] მჭედლიძე და გავაფრთხილოთ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, რომ ჩვენ სიყალბეს აღარ შევეგუებით, იმ სიყალბეს, რომელსაც 4 წელიწადი თავს გვახვევდნენ,”- განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძე.