საქართველომ გააფრთხილა, რომ აფხაზეთში დამატებითი რუსული კონტინგენტის შეყვანა ”საგანგაშოდ ზრდის კონფლიქტის ესკალაციის რისკს”.
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში უკვე შევიდნენ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის დამატებითი ძალები, იტყობინება ”რია ნოვოსტი” 1 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ ძალების დისლოკაციის ადგილი ტყვარჩელის რაიონში იქნება.
რუსეთი აცხადებს, რომ სამშვიდობოთა რაოდენობა არ აღემატება 1994 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ კვოტას. დსთ-ს ლიდერთა 1994 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობოების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 2 500-3 000-ს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 30 აპრილს განაცხადეს, რომ მძიმე არტილერიამ, ჯავშანტექნიკამ და დამატებითმა სამხედრო ნაწილებმა უკვე გადმოკვეთეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი მდინარე ფსოუზე.
”საქართველომ არაერთხელ მიუთითა, რომ რუსეთის შეიარაღებული კონტიგენტი წარმოადგენს დესტაბილიზაციის მთავარ ფაქტორს კონფლიქტის ზონებში,” – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 30 აპრილს, ”რუსული სამხედრო ძალის ზრდა აფხაზეთში, საქართველო წარმოადგენს უკიდურესად საშიშ პროვოკაციას, რომელიც საგანგაშოდ ზრდის კონფლიქტის ესკალაციის რისკს და სერიოზულად ემუქრება საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას”.