რუსეთის ქმედება აფხაზეთთან მიმართებაში დაძაბულობას ზრდის – ნატო

რუსეთის გადაწყვეტილება გაზარდოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოთა რაოდენობა კიდევ უფრო ძაბავს ისედაც ”მყიფე სიტუაციას,” განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ 30 აპრილს.


”ნატო ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში და რეგიონში არსებულ ვითარებას,” – განაცხადა აპატურაიმ, ”ნატო შეშფოთებით ადევნებს თვალს და სურს, რომ ყველა მხარემ თავიდან აიცილოს ისეთი რიტორიკა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და რომელიც დაძაბულობას ამწვავებს და არ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რაც ძირს გამოუთხრის ისედაც მყიფე სიტუაციას”.


მან ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელში ნატოსა და რუსეთის ელჩების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე. შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც უნდა განხილულიყო.


”რუსეთი არის და აცხადებს კიდეც, რომ არის მშვიდობისმყოფელი და არბიტრი აფხაზეთთან მიმართებაში და მას აქვს მანდატი, რომ იყოს როგორც მშვიდობისმყოფელი, ისე არბიტრი, მაგრამ ამ ნაბიჯებმა, რომლებიც გადაიდგა,  აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ლეგალური ურთიერთობების დამყარების ჩათვლით და ის რიტორიკა, რომელიც გამოყენებულ იქნა ძალადობრივი მუქარის თაობაზე, კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და შეარყია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,” – განაცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


მისი თქმით, ეს საკითხი ”რეგულარურად და ინტენსიურად” განიხილება ნატოში. მან ასევე აღნიშნა, რომ მართალია რუსეთს ”ტექნიკურად აქვს უფლება” გაზარდოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოთა რაოდენობა, მაგრამ არსებულ პოლიტიკურ რეალობაში ეს ქმედება დაძაბულობის შემცირების ნაცვლად ”ზრდის დაძაბულობას”.


აპატურაიმ ასევე განაცხადა, რომ შეთანხმების თანახმად, რუსეთის ამ ქმედებისთვის ქართული მხარის თანხმობა იყო საჭირო, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ თბილისმა ნათლად მიანიშნა, რომ ის არ ეთანხმება რუსული ძალების ზრდას კონფლიქტის ზონაში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version