აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მოუწოდა აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეწყვიტოს სოხუმის მონაწილეობა ე.წ. ჟენევის პროცესში.
ჟენევის შეხვედრები ტარდება გაეროს ეგიდით, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების – საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ – მონაწილეობით. შეხვედრას ქართული და აფხაზური მხარეებიც ესწრებიან. ამ ფორმატის ბოლო შეხვედრა 18-19 თებერვალს გაიმართა.
”არსებულ ვითარებაში აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტი, რომელიც ხელმძღვანელობს აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებით და შეხედულებებით, მოგიწოდებთ [სერგეი ბაღაფშს] თავი შეიკავოთ გაეროს ეგიდით და მეგობართა ჯგუფის მონაწილეობით მიმდინარე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობისგან, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა არ მისცემს ობიექტურ შეფასებას ქართული მხარის აგრესიულ ქმედებებს და სანამ საქართველო არ შეასრულებს მოსკოვის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს [ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების თაობაზე],” – ნათქვამია აფხაზეთის პარლამენტის განცხადებაში.
სოხუმმა მას შემდეგ დაიწყო მეგობართა ჯგუფის გაკრიტიკება, რაც მისმა ოთხმა დასავლელმა წევრმა – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია – 23 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოქვეყნეს, რომელშიც მოუწოდეს რუსეთს ”გააუქმოს ან არ განახორციელოს თავისი გადაწყვეტილება” აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.