დეპუტატობის კანდიდატმა ოთხივე მინისტრმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ოთხმა წევრმა – საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრმა კობა სუბელიანმა, გარემოს დაცვის მინისტრმა ზაზა გამცემლიძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა თანამდებობები 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვეს.


გადადგომის შესახებ განცხადებები მათ 23 აპრილის 18 საათამდე დაწერეს და წარუდგინეს ცესკოს, რადგან ამ ვადის გადაცილების შემთხვევაში, კანონის თანახმად, ისინი მოიხსნებოდნენ არჩევნებიდან. ანალოგიური წესი ვრცელდება საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებსა და პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებელ სხვა თანამდებობის პირებზეც.


უკვე ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, რომელიც მმართველი პარტიის სიის პირველი ნომერია და გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტის პოტენციურ თავმჯდომარედ სახელდება, 23 აპრილს აშშ-ში სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, სადაც აფხაზეთის ირგვლივ გართულებული ვიათარება განიხილეს. 


ყოფილი სახელმწიფო მინიტრი კობა სუბელიანი ნაციონალური მოძრაობის სიის მეორე ნომერია, ზაზა გამცემლიძე სიის პირველ ათეულში მე-4 ადგილზეა და იმავდროულად ვაკეში იყრის კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად, პეტრე ცისკარიშვილი კი ახმეტის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატია მმართველი პარტიიდან.

Exit mobile version