სააკაშვილი ოპოზიციას ”გარე საფრთხეების” წინააღმდეგ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციის ლიდერებს რეგულარული შეხვედრების გამართვა შესთავაზა, რათა უზრუნველყოს მათი ინფორმირებულობა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რუსეთთან დაძაბულობის ფონზე.


თავის სატელევიზიო მიმართვაში ერისადმი, რომელიც 23 აპრილს პირდაპირი ეთერით გადაიცა, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ერთობისკენ ”გარე საფრთხეების” წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული და პროვოკაციული ნაბიჯების შემდეგ, რომლის საშუალებითაც, მისი თქმით, მოსკოვმა ”პირველად ღიად განაცხადა,” რომ ის აღარ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს აფხაზეთთან მიმართებაში.


”მე დღეს მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, რათა ჩვენ, როგორც, უწინარეს ყოვლისა, ქართველებს, გვქონდეს ერთიანი პოზიცია ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. მე ვთავაზობ მათ სისტემატურ შეხვედრებს, რათა უზრუნველვყოთ მათი ინფორმირებულობა და მაქსიმალური ჩართულობა ამ, ჩვენი სამშობლოსთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მომენტში,” – განაცხადა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო მიმართვაში 23 აპრილს, ”მე მინდა, რომ მოვისმინო მათი მოსაზრებებიც და მივიღო მათი რჩევებიც. მინდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არსებული საგარეო საფრთხის წინაშე, ჩვენი პოზიცია იყოს ერთიანი. შესაძლოა, ჩვენ ვერ შევთანხმდეთ ყველაფერზე, მაგრამ მსურს, რომ ერთად ვიდგეთ იქ, სადაც საჭიროა დგომა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად”.  


შემდეგ მან აღნიშნა, რომ ”ბოლოდროინდელი პროვოკაციები” შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.  


”აგრესიულმა ლიდერებმა აირჩიეს, რომ ღიად დაუპირისპირდნენ მეზობელი ერების თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევანს,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”შექმნილი საფრთხის ფონზე, ქართველი ხალხი ახლა თავისი უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დგას: ჩვენ ორიდან ერთი უნდა ავირჩიოთ – უარი ვთქვათ საკუთარ ეროვნულ ფასეულობებზე თუ პირიქით, ასმაგად ვუერთგულოთ დემოკრატიისა და თავისუფლების, ღირსების ქართულ იდეალებს. მომავალი დღეებისა და კვირების განმავლობაში, ჩვენ მოგვიწევს ვუპასუხოთ შექმნილ საფრთხეებსა და გამოწვევებს, მაგრამ მე, საქართველოს პრეზიდენტი არ დავუშვებ, რომ თუნდაც ერთი მილიმეტრით დავშორდეთ ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს”.


სააკაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ”ზუსტად მაშინ, როდესაც დაგეგმილია – 21 მაისს, როგორც ეს მოისურვა ქართველმა ხალხმა”. მისი თქმით, იგი დაიცავს ”ქართველი ხალხის დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით”.


რუსეთის ”პროვოკაციებზე” საქართველოს პასუხის შესახებ საუბრისას, სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა თბილისის დიპლომატიური მცდელობების გააქტიურებაზე.


”ჩვენ დავიცავთ და არ დავთმობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი სუვერენული ტერიტორიების მიმართ განხორციელებულ არც ერთ უკანონო ქმედებას,” – განაცხადა მან, ”ჩვენი მშვიდობისმოყვარული და დემოკრატიული ფასეულობების შესანარჩუნებლად, მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელებთ დიპლომატიურ მუშაობას ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, რათა შევქმნათ გარანტიები საქართველოს უსაფრთხოების დასაცავად, მშვიდობის დასაცავად და ვაიძულოთ ყველა, ვისაც ამის განზრახვა აქვს, ხელი აიღოს აგრესიულ, უპასუხისმგებლო და მტრულ პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში. როგორც სუვერენული სახელმწიფო და თავისუფალი ერი, გადავდგამთ ნებისმიერ საჭირო ნაბიჯს ჩვენი სამშობლოს დასაცავად და ჩვენი დიპლომატიური პოზიციების გასამყარებლად”.

Exit mobile version