გაეროს დამკვირვებლები უარყოფენ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შეიარაღების ზრდას

საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიამ (UNOMIG) 21 აპრილს განაცხადა, რომ მან ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება ან კოდორის ხეობაში, ან აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის რომელიმე მონაკვეთზე სამხედრო შეიარაღების ზრდის თაობაზე.


ბოლო დღეების მანძილზე თბილისი და სოხუმი ერთმანეთს ადანაშაულებენ კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალების განთავსების გამო.  


”გაეროს სადამკვირვებლო მისიამ გააძლიერა მონიტორინგი ყველა შესაბამის ტერიტორიაზე და ვერ აღმოაჩინა ვერაფერი, რაც დაადასტურებდა ინფორმაციას რომელიმე მხარის ძალების ზრდის თაობაზე,” – განაცხადა UNOMIG-მა 21 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ”ერთადერთი შესამჩნევი მოძრაობა შეიარაღებული პერსონალისა უსაფრთხოების ზონაში, რაც გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა შენიშნეს, იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების დაგეგმილი როტაცია ზემო კოდორის ხეობაში 16-19 აპრილს. UNOMIG-მა აფხაზურ მხარეს ამ როტაციის შესახებ 17 აპრილს აცნობა”.


”მედიის ამ ინფორმაციამ და ოფიციალურმა განცხადებებმა გამოიწვია დაძაბულობის ზრდა და მხარეებს შორის სერიოზული ინციდენტის და/ან პირდაპირი კონფრონტაციის შესაძლებლობა,” – განაცხადა UNOMIG-მა.    


 

Exit mobile version