კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციის მიერ დანიშნულ წევრებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის ნახვის საშუალება არ მიეცათ. ამ ფაქტს ცესკოში დღეს საღამოს ხმაურიანი დაპირისპირება მოჰყვა.
ეს მოთხოვნა ცესკო-ს სხდომაზე მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც სიის პირველი ნომერი იყო, განაცხადა, რომ ის აღარ იყრის კენჭს საპარლამენტო არჩევნებში და ამის ერთ-ერთ მოტივად თანაგუნდელებთან დეპუტატობის კანდიდატებზე შეუთანხმებლობა დაასახელა. მოგვიანებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაახმოვანა სიის პირველი და მეორე ნომრების ვინაობა: დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი და მეორე ნომერი ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრი კობა სუბელიანი.
საპარლამენტო სიების ცესკო-ში წარდგენის ვადა დღეს საღამოს 18 საათზე ამოიწურა. მმართველმა პარტიამ კანდიდატები ამ ვადის გასვლამდე წარადგინა, თუმცა სია ამ დრომდე გასაიდუმლოებული რჩება.
ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა განაცხადეს, რომ მათ უჩნდებათ ”საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი”, რომ მმართველი პარტიაში სიის გადაწერის სამზადისი მიმდინარეობს.
”არ მომცეს სიის გაცნობის თაობაზე კანონით მინიჭებული უფლების განხორციელების საშუალება ,”- განუცხადა ცესკო-ს წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან ზურაბ მარაქველიძემ ჟურნალისტებს.
თუმცა ცესკოს პრესსპიკერმა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ სიები დალუქულია და კანცელარიის დაკეტვის გამო მათი გახსნა ხვალ დილამდე ვერ მოხერხდება.