ევროკავშირი მოუწოდებს მოსკოვს შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე

ევროკავშირმა 18 აპრილს განაცხადა, რომ ის ”სერიოზულადაა შეშფოთებული” რუსეთის გადაწყვეტილების გამო ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს თვითგამოცხადებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და მოუწოდა მოსკოვს ”არ განახორციელოს ეს გადაწყვეტილება”.


”ევროკავშირს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცავს რისკს კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა და ძირს უთხრის საერთაშორისო სამშვიდობო მცდელობებს, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს,” – განაცხადა ევროკავშირის სლოვენიის თავმჯდომარეობამ 27-წევრიანი გაერთიანების სახელით, ”ევროკავშირი ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში, როგორც ამას გაეროს 2008 წლის 15 აპრილის რეზოლუცია ადასტურებს. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ამ პრინციპების განხორციელებას”.


”ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მონაწილე მხარეს თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რომელთაც შესაძლოა რეგიონში სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიონ,” – ნათქვამია განცხადებაში.


განცხადების თანახმად, ევროკავშირი მიესალმება პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივებს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ”მზადაა ამ მცდელობებში თავისი წვლილი შეიტანოს”.

Exit mobile version