საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი 18 აპრილს ევროპის და ნატო-ს პოლიტიკის საკითხებში აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, დენიელ ფეიტას შეხვდა.
”შეხვედრაზე მხარეებმა ერაყში ქართული კონტიგენტისათვის სამშვიდობო მისიის 6 თვის ვადით გაგრძელებაზე იმსჯელეს,” – იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება.
შარშან საქართველომ თავისი ძალები ერაყში 850-დან 2000-მდე გაზარდა, ხოლო ამ ზაფხულს მათი 300-მდე შემცირება იგეგმებოდა. თუმცა, მარტში პრეზიდენტ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე ერაყში ძველი რაოდენობა შენარჩუნდებოდა.
აშშ-ს დელეგაციის თბილისში ვიზიტის ფარგლებში საუბარი ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ბრიგადის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით მომზადების ტექნიკურ საკითხებს შეეხო. ბრიგადას ქართველი და ამაერიკელი ინსტრუქტორები ერთობლივად გაწრთვნიან. მე-4 ბრიგადა შესაბამისი სწავლების გავლის შემდეგ, ამჟამად ერაყში მყოფ პირველ ბრიგადას ჩაენაცვლება, იტყობინება თავდაცვის უწყება.