21 აპრილიდან საქართველოსა და რუსეთს შორის განახლდება ყველა სახის საფოსტო გზავნილების, მათ შორის ფულადი და დაჩქარებული საფოსტო გზავნილების გაცვლა, იუწყება ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
ამავე ცნობით, 16 აპრილს “რუსეთის ფოსტის” გენერალურმა დირექტორმა შპს ”საქართველოს ფოსტას” ოფიციალური წერილით აცნობა საფოსტო კავშირის აღდგენის შესახებ, რაზეც ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა.
საქართველოსა რუსეთს შორის საფოსტო გზავნილები რუსეთის მხრიდან ცალმხრივად 2006 წლის ოქტომბერში ორ ქვეყანას შორის გართულებული ვითარების გამო შეჩერდა.
გასულ თვეს რუსეთმა უკვე აღადგინა საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო და საზღვაო კავშირი, თუმცა ერთადერთი ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტის – ზემო ლარსის ჩაკეტვის გამო სახმელეთო მიმოსვლა კვლავ შეწყვეტილია.