რუსეთის ნაბიჯი, რომელი მიზნად ისახავს ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას სოხუმთან და ცხინვალთან, არის საქართველოს ამ ორი თვითგამოცხადებული რეგიონის ”დე ფაქტო ანექსიის ლეგალიზების” მცდელობა, განაცხადა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ ”ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვისაკენ და ფაქტიური ანექსიისაკენ იქნება ძალიან სერიოზული რეაგირების საგანი საქართველოს მთავრობის მხრიდან”.
დღესვე, საქართველოს საგარეო უწყებაში გაიმართა შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის მთავრობას და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალური ურთიერთობები დაამყარონ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შესაბამის ორგანოებთან, ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვის მოტივით. ბაქრაძის უწყებაში გამართულ შეხვედრას რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო არ დასწრებია.