ცხრა ოპოზიციური პარტიის საარჩევნო ბლოკის სამი ლიდერი კობა დავითაშვილი ხალხის პარტიიდან, კონსტანტინე გამსახურდია პარტია თავისუფლებიდან და ჯონდი ბაღათურია ქართული დასიდან სამეგრელოს რეგიონში, შესაბამისად, ზუგდიდის, აბაშის და სენაკის მაჟორიტარულ ოლქებში იყრიან კენჭს.
ჯერ-ჯერობით ნაციონალური მოძრაობიდან მხოლოდ კობა დავითაშვილის კონკურენტია ცნობილი. მმართველმა პარტიამ ამ ოლქში აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კანდიდატურა წარადგინა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელი იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ზუგდიდში ასევე იბრძოლებენ რესპუბლიკური (ნონა თოლორაია), ლეიბორისტული (ადა მარშანია) და ქრისტიან დემოკრატიული (თემურ თოლორაია) პარტიების კანდიდატურები.
ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე თელავშია წარდგენილი მაჟორიტარ კანდიდატად, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატს, შევარდნაძის მთავრობაში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს და ავსტრიაში ყოფილ ელჩს გია არსენიშვილს დაუპირისპირდება. თელავში ლეიბორისტული პარტიიდან ასევე კენჭს იყრის წინა მოწვევის პარლამენტარი დალი აბაშიძე.
საგარეჯოს ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის ფავორიტი იქნება ეროვნული ფორუმის წევრი, ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი, ხოლო გურჯაანში წარდგენილია ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე.
სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატები გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაასახელა, მათ შორის:
მარტვილში – ვაჟა აბაკელია;
წალენჯიხაში – პაატა სორდია;
ფოთში – ირაკლი კაკულია;
ჩხოროწყუში – ვალერი იზორია;
დედოფლისწყაროში – გიორგი ბენაშვილი;
ყვარელში – სანდრო გიორგაშვილი;
ლაგოდეხში – ხვიჩა ყაველაშვილი;
სიღნაღში – მალხაზ ხუციშვილი.