ნაციონალურმა მოძრაობამ ვაკის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ზაალ გამცემლიძის კანდიდატურა წარადგინა.
”ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, რომ აღმოვჩნდი დეპუტატობის კანდიდატი ჩემს უბანში,”- განაცხადა 16 აპრილს გამცემლიძემ.
59 წლის ზაალ გამცემლიძემ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტი იანვრის ბოლოს, ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისას ჩაიბარა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მეორე ვადით არჩევის შემდგომ ”სამი თაობით დაკომპლექტებული” მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.
ვაკის რაიონში უკვე წარდგენილია ორი ოპოზიციური ლიდერის რეიტინგული კანდიდატურები – ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე ცხრა ოპოზიციური პარტიის ბლოკიდან და ლევან ბერძენიშვილი რესპუბლიკური პარტიიდან. ვაკეში ლეიბორისტული პარტიის სახელით ასევე კენჭს იყრის ლეილა გაფრინდაშვილი.
პრეზიდენტობამდე მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წევრად ვაკის მაჟორიტარული ოლქიდან 2-ჯერ იყო არჩეული. მის შემდეგ კი ვაკის რაიონმა ნდობა გამოუცხადა ლევან გაჩეჩილაძეს ამჟამინდელ მაჟორიტარ დეპუტატს და გაერთიანებული ოპოზიციიდან სააკაშვილის მთავარ კონკურენტს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.