ევროპის საბჭოს დამკვირვებლები საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის შესახებ

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური კლიმატი ”მცირედ ან საერთოდ არ გაუმჯობესდა”, განაცხადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა თავიანთ შეფასებებში საქართველოში მარტში განხორციელებული ვიზიტის შესახებ.


დოკუმენტი, რომელიც 16 აპრილს ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე გახმოვანდა, მოამზადეს საქართველოს შესახებ თანამომხსენებლებმა მათიას იორშმა და კასტრიო ისლამმა, რომლებიც საქართველოს 26-27 მარტს სტუმრობდნენ.  


”პოლიტიკურ კლიმატში კვლავ დომინირებს ნდობის ნაკლებობა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციული დიალოგის არარსებობა,” – ნათქვამია დოკუმენტში, ”მოვლენათა არასასურველი განვითარების დროს, დებატებმა უკიდურესად პერსონალიზირებული ხასიათი შეიძინა, რომლის დროსაც ხელისუფლება განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანებს მოღალატეებს და კრიმინალებს უწოდებს, ხოლო ოპოზიცია ზოგიერთი ცნობილი პიროვნების თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს, ნაცვლად მათთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისა”.


”ნდობისა და თანამშრომლობის ნაკლებობა ყველაზე აშკარაა საარჩევნო რეფორმის წარუმატებლობაში, რაზეც ხელისუფლება და ოპოზიცია 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ შეთანხმდა,” – ნათქვამია დოკუმენტში.


მომხსენებლები აღნიშნავენ, რომ პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მარტში მიღებული ცვლილებები ითვალისწინებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიცემულ რამდენიმე რეკომენდაციას, ”თუმცა რამოდენიმე სხვა რეკომენდაცია გაუთვალისწინებელი დარჩა”.


პოზიტიურ ცვლილებებს შორის დოკუმენტი აღნიშნავს დამატებითი სიების გაუქმებას; საარჩევნო ბარიერის  7-დან 5%-მდე დაწევას; არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების და მათი წარდგენის პროცედურების გამარტივებას; საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიული წარმომადგენლობის შემოღებას.


”სამწუხაროდ, ცვლილებების შედეგად ვერ მოგვარდა საარჩევნო უბნებში ვიდეოთვალის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები და, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, გაუქმდა შესაძლებლობა დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის საპარლამენტო არჩევნებში [მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა მხოლოდ  პარტიებს/საარჩევნო ბლოკებს შეუძლიათ],” – ნათქვამია დოკუმენტში.
    
საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა ცოტა ხნის წინ დაიჩივლა, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა შეზღუდა საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული ვიდეოთვალით გადაღებული მასალის ხელმისაწვდომობა. მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლებს და სხვა საარჩევნო სუბიექტებს ექნებათ უფლება მიიღონ ვიდეომასალა, მათ მოუწევთ იმ კონკრეტული დროის მითითება, როდესაც დარღვევას ჰქონდა ადგილი და მხოლოდ ეს კონკრეტული, 15-წუთიანი ჩანაწერი მიეცემათ, როგორც ამას შეცვლილი კანონმდებლობა ითვალისწინებს.  


დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზედმიწევნით უნდა გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, რათა ”დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ხელისუფლება სერიოზულად არის განწყობილი სამართლიანი არჩევნებისადმი”.


”ვწუხვართ ამის გამო, რადგანაც ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩვენი დარწმუნება, რომ მათ საკმარისი პოლიტიკური ნება გამოიჩინეს იმისთვის, რომ გამოეძიებიათ ყველა ის დარღვევა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი,” – აცხადებენ ევროპის საბჭოს დამკვირვებლები.


დოკუმენტი ასევე აღნიშნავს ”ოპოზიციის დამოკიდებულების მნიშვნელოვან ცვლილებას ზოგადად საერთაშორისო საზოგადოების და კერძოდ ასამბლეის მიმართ”.


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მათიას იორში ქართული ოპოზიციის სამიზნე გახდა როცა ის საქართველოში არსებული სიტუაციის ხელისუფლების სასარგებლოდ მიკერძოებულ გაშუქებაში დაადანაშაულა.


”უმეტესმა ოპოზიციურმა პარტიებმა აღნიშნეს, რომ ასამბლეის მოხსენება საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო დაბალანსებული და ამავე დროს – რომც არ ეთანხმებოდნენ მის ყველა დასკვნას – მათ აღარ დაუყენებიათ ეჭვის ქვეშ მომხსენებელთა ან ასამბლეის მიუკერძოებლობა,” – ნათქვამია დოკუმენტში, ”გარდა ამისა, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ აღიარა, რომ მათ დაუშვეს შეცდომები ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა საზოგადოების მხრიდან მათ მხარდაჭერაზე”.


 


 

Exit mobile version