ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალით გადაღებული მასალის საჯაროობას, განაცხადა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 15 აპრილს.
”ბატონი ლევან თარხნიშვილი, წინააღმდეგ ყოველგვარი ლოგიკის და ჯანსაღი აზრისა, ჩვენგან და მთელი საზოგადოებისგან ითხოვს, თვალი დავიბრმავოთ და არ დავინახოთ ის, რაც ვიდეოთვალმა აღბეჭდა. ამისკენ არის მიმართული მისი დემაგოგიური და ბოლომდე გაუაზრებელი განცხადებები, თითქოს სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული და საზოგადოების წინაშე წარდგენილი მასალა არის სიცრუე,” – განაცხადა სუბარმა წერილობით განცხადებაში.
4 აპრილს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მისმა ოფისმა შეისწავლა რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიდეოთვალის მიერ გადაღებული მასალა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა ათ საარჩევნო უბანზე ხელოვნურად გაზარდეს 5 475 ადამიანით. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ასევე გამოვლინდა რამდენიმეჯერ ხმის მიცემის ფაქტები, მათ შორის საუბნო კომისიების წევრების მიერ. სახალხო დამცველის აპარატს მხოლოდ 12 საარჩევნო უბნის ჩანაწერები გადასცეს.
”ამასთან, პირადად მისი [თარხნიშვილის] მითითებით სახალხო დამცველის წარმომადგენლებს აღარ მისცეს საშუალება, გადმოეწერათ მასალა დანარჩენი ვიდეოთვალიდან. ასეთი ქმედება მხოლოდ ამყარებს ეჭვებს საარჩევნო პროცესში არსებული დარღვევებისა და გაყალბებების შესახებ, რომელიც წარმოშვა თერთმეტი უბნის შესწავლამ,” – განაცხადა სუბარმა.
”თუ დანარჩენ უბნებზე მართლაც ყველაფერი წესრიგშია, გაუგებარია, რატომ, რა მიზნით უნდა აიკრძალოს მათი ნახვა?! ან რა აზრი აქვს ვიდეოთვალის დაყენებას, თუ მისი ნახვის საშუალება არავის ექნება?! როდესაც ამ ადამიანებს წარბის შეუხრელად შეუძლიათ, არ დაინახონ ის, რაც დააფიქსირა მათ მიერვე დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა და რაც მათ თვალწინ ხდება ეკრანზე, ისინი ვეღარ მოსთხოვენ ვინმეს, ჰქონდეს მათდამი თუნდაც იოტისოდენა ნდობა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დააფიქსირა თუ არა ვიდეოთვალმა დარღვევები, ამაზე დავა არ შეიძლება, ვინაიდან, ნათლად ჩანს, რომ ერთი და იგივე ადამიანები რამდენჯერმე აძლევენ ხმას. ამის ნახვას სჭირდება სულ ხუთიოდ წუთი, ამის გაშვება შეიძლება ტელევიზიებით,” – აცხადებს სახალხო დამცველი.
4 აპრილს, როდესაც სოზარ სუბარმა თავისი დასკვნების შედეგები გაახმოვანა, ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა და ”მზემ” თავიანთ საინფორმაციო გამოშვებებში ეს ინფორმაცია არ გაუშვეს. საქართველოს საზოგადროებრივმა მაუწყებელმა 4 აპრილს თავისი საინფორმაციო გამოშვების შუაში ამ თემაზე მხოლოდ ორწუთიანი ინფორმაცია გადასცა. 13 აპრილს გადაცემამ ”შვიდი დღე”, რომელსაც ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”დროების” ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამზადებენ, ინტენსიურად გააშუქა ეს ინფორმაცია და ვიდეოთვალის მიერ გადაღებული მასალის ნაწილიც უჩვენა. სიუჟეტში ნაჩვენები ერთ-ერთი საუბნო კომისიის წევრი, რომელიც რამდენიმეჯერ აძლევს ხმას, ოპოზიციის დანიშნული წევრი იყო, მეორე შემთხვევაში კი მმართველი პარტიის წარმომადგენელი.
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვიდეოთვალი 3 511 საარჩევნო უბნიდან 1 159-ში იყო დამონტაჟებული.
ამასობაში, 15 აპრილს საღამოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფის უწყებათაშორისო ჯგუფმა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია ხელმძღვანელობს, გამოქვეყნა განცხადება, რომელიც შეიცავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხს სახალხო დამცველის მიერ 4 აპრილს გახმოვანებულ ბრალდებებზე.
ამ განცხადებაში ცესკო აცხადებს, რომ მხოლოდ სამ შემთხვევაში გამოავლინა სახალხო დამცველის მიერ შესწავლილმა ვიდეომასალამ საარჩევნო დარღვევა. ”ეს ფაქტები გენერალურ პროკურატურას აქვს გადაცემული,” – ნათქვამია განცხადებაში, ”ცესკო აღიარებს, რომ ნებისმიერი საარჩევნო დარღვევა მიუღებელია, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კამერების მიერ დაფიქსირებული დარღვევები მხოლოდ რამდენიმე ბიულეტინს ეხება და ეს ვერანაირად ვერ მოახდენდა გავლენას არჩევნების შედეგებზე”.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის ბრალდებები ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნულად გაზრდის თაობაზე ”ორ მთავარ შეცდომას” შეიცავს.
”იგი არ ითვალისწინებს სპეციალურ ”მიმაგრებულ” უბნებს – მათგან ყველაზე მეტად აღსანიშნავია სამხედრო ნაწილები – ეს ხმები დათვლილი და შეჯამებულ იქნა უახლოეს რიგით უბანზე. იმ შემთხვევებში, როდესაც ოქმის ფურცელზე დაფიქსირებული ამომრჩეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება კამერით გადაღებულს, ახსნა მარტივია: ეს უბნები ასევე პასუხისმგებელი იყვნენ დაეთვალათ ”მიმაგრებული” უბნების მონაცემებიც, საკუთარ ბიულეტენებთან ერთად. ასეთი ოქმის ფურცლებზე დაფიქსირებულ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ხმა მისცა სხვა ადგილას და, ამგვარად, ისინი არ არიან დაფიქსირებული ვიდეო კამერის მიერ,” – ნათქვამია განცხადებაში.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველმა ასევე არ გაითვალისწინა გადასატანი ყუთებით მიცემული ხმების რაოდენობა. კანონის მიხედვით,ყველა საარჩევნო უბანი ვალდებულია გამოიყენოს გადასატანი საარჩევნო ყუთები იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ავადმყოფობის, ფიზიკური შეზღუდულობის ან პატიმრობის გამო არ შეუძლიათ ხმის მიცემა ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე.