საქართველოს კოსოვოდან სამხედრო კონტიგენტი გამოჰყავს

საქართველო კოსოვოდან 160 სამხედროს გამოყვანას მიმდინარე კვირას დაიწყებს, რადგანაც თბილისი აპირებს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა.


”ჩვენ გადავწყვიტეთ გავააქტიუროთ ჩვენი მონაწილეობა ISAF-ში [ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების მისიაში], რადგანაც ეს მისია ნატოსთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს; ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, ჩვენი მიზნების მიხედვით, ჩვენი მცდელობები ISAF-ისკენ მივმართოთ. ჩვენ პარალელურად განვაგრძობთ ჩვენს ყოფნას ერაყში,” – განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ ”რუსთავი 2”-ს 14 აპრილს. 


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით ბაქრაძემ მარტის ბოლოს განაცხადა, რომ საქართველო აპირებს 120 სამხედრო გააგზავნოს ფრანგული კონტინგენტის დასახმარებლად ქაბულში; 200 სამხედრო – ჰოლანდიელების დასახმარებლად სამხრეთულ პროვინცია ურუზგანში, ხოლო უფრო მცირე ნაწილები აშშ-ს ძალებთან ერთად განთავსდება.


საქართველოს ამჟამად ერთი ექიმი ჰყავს ISAF-ის მისიაში. 2004 წელს ავღანეთში საქართველოს მე-16 სამთო ბატალიონის 50 ჯარისკაცი და ოფიცერი იყო განთავსებული 100 დღის მანძილზე გერმანულ ძალებთან ერთად.  


 

Exit mobile version