პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნებში დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეო-თვალის ჩანაწერები საჯაროა.
”შეგიძლიათ, შეამოწმოთ და თუ ვინმე ხელოვნურად პრობლემას შეგიქმნით, თხოვთ, შემატყობინოთ, რაზეც ადეკვატური რეაქცია მექნება,”- იუწყება გაზეთი ”24 საათი” ბურჯანაძის მიერ 11 აპრილს გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
თუმცა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 4 აპრილს განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მის უწყებას მხოლოდ 12 უბნის ვიდეო-ჩანაწერები გადასცა და დანარჩენზე უარი უთხრა. სულ ვიდეო-თვალი საპრეზიდენტო არჩევნების დროს 1159 საუბნო საარჩევნო კომისიაში იყო დამონტაჟებული. სუბარმა ასევე განაცხადა, რომ ვიდეო-მასალის შესწავლის შედეგად 10 საარჩევნო უბანზე 5 475 გაყალბებული ხმა გამოვლინდა. ადგილი ჰქონდა ასევე ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდისა და საუბნო კომისიის წევრების მიერ ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტებს, განაცხადა სახალხო დამცველმა.
ცოტა ხნის წინ სოზარ სუბარმა ასევე პრეტენზიები გამოთქვა იმის გამოც, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიდეოთვალის ჩანაწერის მთლიანი მონაცემები აღარ იქნება ხელმისაწვდომი საარჩევნო კოდექსში მარტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომლის მიხედვითაც ეს ინფორმაცია ”საჯარო არ არის”.
კოდექსში ნათქვამია: ”საუბნო საარჩევნო კომისიაში განთავსებული ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნა შეუძლია საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირს, რომელიც ვალდებულია, წარდგენილ განცხადებაში/საჩივარში მიუთითოს ვიდეოთვალის ჩანაწერის გაცნობის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის თაობაზე. აღნიშნული განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალის ჩანაწერის გაცნობა კონკრეტული დროის და დარღვევის მითითებით”.