ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ”ყველაფერი არ მიიღო, რაც სურდა, მაგრამ მიიღო ბევრი რამ,” განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა 7 აპრილს.
მას მხედველობაში ჰქონდა ნატოს სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების გადადების თაობაზე, მაგრამ ამავე დროს ორი ქვეყნისთვის გარანტიის მიცემა, რომ ისინი ოდესმე აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები.
7 აპრილს ვაშინგტონში პრესკონფერენციაზე საუბრისას დანიელ ფრიდმა განაცხადა, რომ ”იმას, რაც ნატომ გააკეთა, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს”.
”იმის თქმით, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები, ალიანსმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, რაც გამორიცხავს ხაზის გავლებას ევროპაში,” – განაცხადა მან, ”ამჟამად, საქართველოს და უკრაინას უამრავი სამუშაო აქვთ ჩასატარებელი. ისინი თავადაც აცნობიერებენ, რომ არ არიან მზად ნატოს წევრობისთვის და ამას მუშაობა სჭირდება. მაგრამ ნატოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საუბარი ღია კარის შესახებ არის ის, რასაც ნატო ნამდვილად გულისხმობს. ამრიგად, ეს კარგი დღე იყო”.
მისი თქმით, ბუქარესტში 36-საათიანი ინტენსიური განხილების დროს ”ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რთული საკითხი” იყო საქართველო და უკრაინა და ამ განხილვებმა ”წარმოშვა უფრო მაღალი დონის კონსენსუსი, ვიდრე ვინმეს შეეძლო წარმოედგინა თუნდაც ერთი დღით ადრე”.
”მე რომ საქართველოს ადგილზე ვიყო, ძალიან მომეწონებოდა ის, რაც ნატომ გადაწყვიტა,” – განაცხადა ფრიდმა, ”და რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს ძალიან კარგად გამოხატა. თქვენ იცით, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ნატომ და იმ ცალსახა განცხადებას, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები, ისტორიული მნიშვნელობა აქვს… ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი განცხადება და ეს ის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც გერმანია და საფრანგეთიც დაეთანხმნენ”.
გერმანია და საფრანგეთი საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ ბუქარესტის სამიტზე.
”ვფიქრობ, გერმანიას და საფრანგეთს რამდენიმე კითხვა ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის მზადყოფნასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ფრიდმა დაკონკრეტების გარეშე, ”თუმცა, განხილვის პროცესში ნათელი გახდა, რომ არც გერმანია და არც საფრანგეთი არ აძლევდნენ რუსეთს ნატოს გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას”.