დღეს რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ და ახალმა მემარჯვენეებმა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში ერთ ბლოკში გაერთიანების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს და ასევე მოუწოდეს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს მათთან გაერთიანებისაკენ.
“მინდა განვაცხადო, რომ უპრეცენდენტო ოპოზიციური გაერთიანების შესახებ, ბრძოლას ვიწყებთ სააკაშვილის რეჟიმის დასამარცხებლად,”- განაცხადა დღეს ლევან გაჩეჩილაძემ.
საარჩევნო სიას სათავეში ჩაუდგებიამ პრეზიდენტობის ორი ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და მეორე ნომერი იქნება ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე. პირველ ხუთეულში ასევე შევლენ: კონსტანტინე გამსახურდია, პარტია თავისუფლების ლიდერი; კონსერვატორი ზვიად ძიძიგური; კობა დავითაშვილი, ხალხის პარტიის ლიდერი. სიაში პირველ ოცეულში ასევე შედიან: ეკა ბესელია, მოძრაობა ერთიანი საქართველოდან; დიმა ლორთქიფანიძე, სალომე ზურაბიშვილის პარტიიდან; გოგა ხაინდრავა, ოპოზიციური კოალიციის სუბიექტი; გუბაზ სანიკიძე ეროვნული ფორუმიდან; ჯონდი ბაღათურია, ქართული დასის ლიდერი; კოკა გუნცაძე, მოძრაობა ერთიანი საქართველოდან; გია თორთლაძე და გია ცაგარეიშვილი, ეროვნული საბჭოს წევრები; კახა კუკავა კონსერვატორებიდან. ამ უკანასკნელთა თანმიმდევრობა ჯერ დაზუსტებული არ არის.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობა დავითაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რესპუბლიკურ და ლეიბორისტულ პარტიებს გაერთიანებისაკენ. საარჩევნო ბლოკები რეგისტრაციის ვადა 8 აპრილს იწურება.
”სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება მხოლოდ ერთიანი ძალით არის შესაძლებელი,”- აღნიშნა დავითაშვილმა.
გაერთიანებული ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით გამყრელიძე იქნება.
დავით გამყრელიძე ასევე აპირებს კენჭი იყაროს მაჟორიტარ დეპუტატად ვაკის რაიონში, სადაც რესპუბლიკელებმა ლევან ბერძენიშვილის კანდიდატურა დაასახელეს. ვაკეში ხელისუფლების ფავორიტი ჯერ-ჯერობით უცნობია.
კრწანისის რაიონში გოგა ხაინდრავას კანდიდატურა სახელდება, ჩუღურეთის რაიონში კი გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი კოკა გუნცაძე იქნება. ხაინდრავა კრწანისში ამავე რაიონის გამგებელს დილარ ხაბულიანს, ხოლო გუნცაძე ისრაელში საქართველოს ელჩს ლაშა ჟვანიას დაუპირისპირდებიან მმართველი პარტიიდან.