სააკაშვილი მთავრობას აქებს და 50-დღიან სამოქმედო გეგმაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს და 50-დღიან სამოქმედო გეგმას ახორციელებს.


”ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ვარდების რევოლუციის მოლოდინი ჯერ არ გამართლებულა, ძალიან ბევრი ქართველისთვის ოცნებას გულაცრუება ცვლის… ამიტომ დავისახე ჩემი ცხოვრების და მოღვაწეობის ყველაზე დიდი მიზანი: საქართველო სიღარიბის გარეშე. მინდა ხალხმა  იცოდეს, რომ ეს ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ლოზუნგი… ეს არის ხედვა, რამაც უნდა განსაზღვროს ჩემი პრეზიდენტობის მეორე და კონსტიტუციურად უკანასკნელი ვადა,” – განაცხადა მან 31 მარტს.


სააკაშვილის თქმით, იანვარში ხელახლა არჩევის შემდეგ მან პირობა დადო, რომ წარმოადგენდა 50-დღიან სამოქმედო გეგმას. ”მაშინ ჩვენ განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად გამოვყავით სამი მიმართულება: პენსიების მატება… ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, იაფი საკრედიტო სისტემის ამოქმედება და ქართული სოფლის დახმარება,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს 50 დღე გასულ კვირას ამოიწურა და დღეს აქ მოვედი, რომ ავასრულო ჩემი პირობა და ჩავაბარო ანგარიში ჩემს ხალხს იმის შესახებ, თუ რა გავაკეთე”.


მისი თქმით, მთავრობამ შეასრულა დანაპირები და აპრილიდან მინიმალური პენსია 55 ლარიდან 70 ლარამდე გაზარდა. ”რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ეს კარგი დასაწყისია,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ამავე დროს, ჩვენ შევიმუშავეთ ზუსტი გეგმა იმისა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ 2009 წელს საპენსიო პაკეტი 100 დოლარამდე გავზარდოთ”.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა. ამ მიზნით, მისი თქმით, მთავრობამ კერძო ბანკებთან თანამშრომლობით უკვე დაიწყო იაფი კრედიტის პროგრამა, რომელიც დაეხმარება ახალი საწარმოებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.


მისი განცხადებით, ქართული სოფლების დახმარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 350 ახალი ტრაქტორი იქნა შემოყვანილი ფერმერებისთვის და სოფლებში მაცხოვრებელ ოჯახებს 20-20 ლიტრი დიზელის საწვავი გადაეცათ უსასყიდლოდ.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის და ახალი მთავრობის მადლიერია, მაგრამ ”მე მაინც ვეუბნები მთავრობას: ეს არ არის საკმარისი და მე არ ვარ კმაყოფილი”. ”მე ვმოგზაურობ საქართველოს მასშტაბით და ვხედავ რამდენი რამ გვაქვს გასაკეთებელი ჩვენი მიზნის – საქართველო სიღარიბის გარეშე – მისაღწევად,” – დასძინა მან.


”ახლა მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებთ მომდევნი 50 დღეში, მომდევნო თვეებსა და წლებში,” – განაცხადა მან, ”მე ვთხოვე მთავრობას იმუშავოს სოციალური დახმარების პროგრამის რეფორმაზე, რათა სოციალური დახმარებები უფრო სამართლიანი გახდეს… შემდეგი 50 დღის თავზეც წარვდგები თქვენს წინაშე და მოგახსენებთ, თუ რა გაკეთდა ამ დროში”.


 

Exit mobile version