მას შემდეგ, რაც პარლამენტმა უარი განაცხადა მოესმინა სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით 2007 წელს არსებულ ვითარებას ეხება, სოზარ სუბარმა გადაწყვიტა თავისი ანგარიშის პრეზენტაცია 28 მარტს თბილისში გაემართა.
სუბარმა განაცხადა პრეზენტაციაზე, რომელსაც ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები: ”ის ფაქტი, რომ ამ მოხსენებით დღეს აქ, თქვენს წინაშე გამოვდივარ და არა პარლამენტის წინაშე, თვალნათლივ მიუთითებს საქართველოში ადამიანის უფლებების სავალალო მდგომარეობაზე და სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულებაზე ამ უფლებებისადმი”.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 17 მარტს განაცხადა, რომ ამჟამინდელი პარლამენტი ვერ შეძლებს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის გასული წლის მოხსენების მოსმენას. მისი თქმით, დეპუტატებს იმის დროც არ რჩებათ, რომ ამ მოხსენებას გაეცნონ. პარლამენტს სოზარ სუბარის ორი მოხსენება უნდა მოესმინა – ერთი 744-გვერდიანი, რომელიც 2007 წლის პირველი ნახევარს ფარავს, ხოლო მეორე 633-გვერდიანი 2007 წლის მეორე ნახევარს ეხება.
28 მარტს გამართულ პრეზენტაციაზე სუბარმა განაცხადა, რომ დროის უკმარისობა მხოლოდ საბაბი იყო.
”ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ იმ არგუმენტს, თითქოს პარლამენტმა იმიტომ არ განიხილა ჩვენი მოხსენებები, რომ პარლამენტარებმა ვერ მოასწრეს მათი წაკითხვა. ცხადია, აქ დრო და მოუცლელობა არაფერ შუაშია,” – განაცხადა მან, ”მართალია, მოხსენებები ვრცელია და მათში ადამიანის უფლებათა დარღვევის ასობით ფაქტია მოყვანილი, მაგრამ პარლამენტმა უარი თქვა მათ განხილვაზე არა იმიტომ, რომ ვერ მოასწრო მათი გაცნობა, არამედ სწორედ იმის გამო, რომ ძალიან კარგად იცნობს მათ შინაარსს. იცნობს იმიტომ, რომ მოხსენებაში მოყვანილი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ხდებოდა საქართველოში, ღიად და საჯაროდ, პარლამენტის თვალწინ, მისი თანხმობით, ხელდასხმით და ხშირად წაქეზებით”.
მოხსენება 2007 წლის მეორე ნახევრის შესახებ კრიტიკულია ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით და შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.