27 მარტს, საღამოს ცხინვალის ცენტრში დე ფაქტო გენპროკურორის თეიმურაზ ხუგაევის კუთვნილი მანქანა აფეთქდა და შედეგად 25 წლის გოგონა დაიღუპა, ხოლო მანქანის მძღოლი მძიმედ დაიჭრა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
დე ფაქტო ხელისუფლება კვლავაც ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს და მომხდარს ”ტერაქტის” კვალიფიკაციას აძლევს. იმავდროულად, ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი აღნიშნავს, რომ ეს გენერალურ პროკურორზე თავდასხმის პირველი მცდელობა არ არის.
უკანასკნელ პერიოდში ეს ცხინვალის რეგიონში მომხდარი უკვე მესამე აფეთქებაა. ორი ოსი სამართალდამცავი ემსხვერპლა თებერვალში სოფელ დმენისში მომხდარ აფეთქებას, ხოლო 23 მარტს ჩრდილოეთ ოსური სამშვიდობო ბატალიონის წევრი და სამხრეთ ოსეთის უშიშროების თანამშრომელი აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრნენ.
ცხინვალმა და მოსკოვმა განაცხადეს, რომ ამ ”ტერაქტების” უკან ქართული მხარე დგას. თბილისი კატეგორიულად უარყოფს აფეთქებათა ამ სერიასთან კავშირს და ბრალდებების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში ბოდიშის მოხდას მოითხოვს.