”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს აქციაზე ინციდენტი შეემთხვა

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი იძულებული გახდა შეეწყვიტა პირდაპირი ჩართვა ოპოზიციის საპროტესტო აქციიდან მაშ შემდეგ, რაც უცნობმა მამაკაცმა მასზე იერიში მიიტანა.


როდესაც ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი მომიტინგეების გარემოცვაში იდგა და საპროტესტო აქციის შესახებ გადმოსცემდა, შუახნის მამაკაცი მიუახლოვდა მას და ყვირილი დაუწყო: ”გაათრიეთ აქედან”. შემდეგ ჟურნალისტმა შეწყვიტა პირდაპირი ჩართვა და უთხრა საინფორმაციო გადაცემის წამყვანს სტუდიაში: ”ხედავ რა სიტუაციაში გვიწევს მუშაობა”. მამაკაცი კიდევ უფრო მიუახლოვდა ჟურნალისტს და ხელის კვრაც სცადა, თუმცა სხვა მომიტინგეებმა ხელი შეუშალეს მას ჟურნალისტზე თავდასხმაში. ინციდენტი შემდეგ ქაოსში გადაიზარდა. ჩართვა ინციდენტის ადგილიდან კვლავ გრძელდებოდა. შემდეგ ინციდენტის ადგილას გამოჩნდნენ ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და რამდენიმე სხვა ლიდერიც.   


”სავსებით დაუშვებელია ჟურნალისტებზე თავდასხმა და ზეწოლა,” – განაცხადა პარტია ”ჩვენ თვითონ” ლიდერმა პაატა დავითაიამ. ”ეს გამოიწვია იმან, რომ ზოგიერთი სიუჟეტი, რომელიც გადის, ხალხი ღებულობს მათ აგრესიულად. მაგრამ ჩვენ სიმშვიდე უნდა დავიცვათ. არ შეიძლება ასე მოვექცეთ ჟურნალისტებს. თუ ვინმესთან გვაქვს პრეტენზია, ეს არიან მათი [რუსთავი 2-ის და მზის] მფლობელები”.


ოპოზიციური კოალიციის წევრმა გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ ინციდენტი იყო პროვოკაცია, რომელიც ხელისუფლებამ ”პროვოკატორების” საშუალებით დადგა.


ინციდენტის პირდაპირ ჩართვის ჩვენებისას ”რუსთავი 2”-ის წამყვანმა ”რუსთავი 2”-ის და ”მზის” სახელით ერთობლივი განცხადება წაიკითხა: ”უკვე მეორე დღეა ”მზისა” და ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურები ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის რეჟიმში მუშაობენ. ბოიკოტს თან დაერთო აქციაზე ჟურნალისტების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები და მოწოდებები, რასაც წუხელ მომიტინგეთა მხრიდან ”მზის” რეპორტიორზე ფიზიკური თავდასხმა და აპარატურის დაზიანება მოჰყვა.  მივმართავთ მთელ პოლიტიკურ სპექტრს ნუ დაარღვევენ საერთაშორისო კონვენციის სტანდარტებს, შეწყდეს ზეწოლა, ჟურნალისტის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ულტიმატუმი და ქცევის ის ფორმა, რომელსაც დღეს პოლიტიკოსები მედიის მისამართით იყენებენ და ამ პროცესში რიგითი მოქალაქეების ჩართვასაც გეგმავენ. მივმართავთ ქართველ პოლიტიკოსებს ნუ მოხდება საზოგადოების თვალში პოლიტიკური ქულების დაწერა ჟურნალისტების ხარჯზე. არხის ნდობის რეიტინგს განსაზღვრავს მაყურებელი და არა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას შეწყვიტონ მედიაზე თავდასხმები და მისცემ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება”.

ეს განცხადება თითქმის პარალელურ რეჟიმში გაუშვა ტელეკომპანია ”მზემაც”. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია თავს იკავებდა ამ განცხადების გავრცელებისაგან, თუმცა იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა აქციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ.


ოპოზიციურმა კოალიციამ და ახალმა მემარჯვენეებმა 24 მარტს განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ ამ ორ ტელეკომპანიას და მათ ხელისუფლების სასარგებლოდ მიკერძოებულ გაშუქებაში დასდეს ბრალი. თუმცა, ეს პროტესტი, ოპოზიციის ლიდერთა განმარტებით, არ ეხებოდა პირდაპირ ეთერში მიცემულ ინტერვიუებს. ”თუმცა ჩვენ არ ვეტყვით უარს ინტერვიუებზე, თუ ეს პირდაპირი ეთერით გადაიცემა. მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი წინასწარ ჩაწერილი ინტერვიუები და ოპოზიციური პოლიტიკოსების კომენტარები ისე გადაიცემა, რომ ჩვენი აზრები დამახინჯებულია,” – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან.

Exit mobile version