სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ქართულმა სპეცსამსახურებმა ზნაურის რაიონის სოფელ ოკონაში 23 მარტს ააფეთქეს ავტომანქანა ”ნივა”, რის შედეგადაც ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
შერეული სამშვიდობო ძალების ჩრდილოეთ ოსური ბატალიონის მოსამსახურის ვლადისლავ დოგუზოვის და სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურის შტატგარეშე თანამშრომლის ინალ კოლიევის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან, ცხინვალის აფასებს, როგორც ”უკიდურესად მძიმეს”.
როგორც თვითგამოცხადებული რეგიონის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება, ასაფეთქებელი ნივთიერება დისტანციური მართვის პულტით ამოქმედდა და აფეთქების ძალა 400 გრამი ტროტილის ექვივალენტური იყო.
”სანამ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო იღებს ფრთხილ განცხადებებს სამხრეთ ოსეთთან, აფხაზეთთან და დნესტრისპირეთთან მიმართებაში, აქ ასახიჩრებენ და კლავენ რუსეთის მოქალაქეებს,”- აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრი მიხეილ მინძაევი, ”მხოლოდ ამ ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს უკვე მეექვსე ტერაქტია”.
ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ამ პროცესში მიწვევის მიუხედავად, ეუთოს დამკვირვებლები მონაწილეობას არ იღებენ.
თბილისი მომხდართან კავშირს უარყოფს.