ოპოზიცია ბურჯანაძეს კვლავ მოუწოდებს ხელი მოაწეროს მათ ინიციატივას

ოპოზიციურმა კოალიციამ და ახალმა მემარჯვენეებმა, რომლებიც ათ დღეზე მეტია შიმშილობის აქციას აწყობენ, დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ხელი მოაწეროს ”კომპრომისულ” წინადადებას მაჟორიტარული არჩევნების რეგიონული პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე და ამით ”აირიდოს ის მძიმე შედეგები, რაც მოჰყვება კონფრონტაციას”.


ოპოზიცია აცხადებს, რომ მათ მოხსნეს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა და ნინო ბურჯანაძის გადადგომის მოთხოვნები.  


”ეს დავიყვანეთ ერთ მოთხოვნამდე უწმინდესის და უნეტარესის პატივისცემის გამო,”- განაცხადა დღეს ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა პარლამენტის შენობის წინ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ”თუ ბურჯანაძის ხელმოწერა გაჩნდება ამ დოკუმენტზე [მაჟორიტარების რეგიონული პროპორციული სისტემით არჩევის თაობაზე], ჩვენ იმ წუთასვე შევწყვეტ შიმშილობას”. 

თუმცა ბურჯანაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისთვის პირობების დაყენება მიუღებელია და მოუწოდა ოპონენტებს პატრიარქის მოწოდების შესაბამისად შეწყვიტონ შიმშილობის აქცია. პატრიარქმა გუშინ ასევე მოუწოდა ხელისუფლებას კრიზისის განმუხტვის მიზნით გადადგას შემხვედრი ნაბიჯები.


”მათ [ხელისუფლებას] გონიათ, რომ პატრიარქი მხოლოდ მათი სურვილების შესრულების იარაღი უნდა იყოს და პატრიარქის ერთადერთი მოწოდება გაიგეს მხოლოდ, რომ შიმშილობა შეწყვიტონ მოშიმშილეებმა”, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების წევრმა ფიქრი ჩიხრაძემ.


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა დიალოგისთვის, თუმცა არა იმ საკითხებზე, რომელიც უკვე მიღებულია. მას მხედველობაში ჰქონდა საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები, რომელიც 75 ერთმანდატიანი ოლქის პრინციპს აკანონებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ოპოზიციის ინიციატივასთან. ამ საკითხის საბოლოოდ მიღება პარლამენტში დღეს იგეგმება.


იმავდროულად შიმშილობის აქციის ორგანიზატორებმა საინფორმაციო ბრიფინგზე მოუწოდეს ყოფილ პოლიტიკური პარტნიორებს რესპუბლიკელებსა და ლეიბორისტებს ღიად გამოხატონ თავიანთი პოზიცია მათ ინიციატივასთან დაკავშირებით.  


”დააფიქსირეთ თქვენი ეს პოზიცია და გამოაცალეთ ხელისუფლებას არგუმენტი იმისა, რომ ოპოზიცია ამ საკითხებში სხვადასხვანაირად ფიქრობს,”- მიმართა დავითაშვილმა ამ ოპოზიციურ პარტიებს, ”ახლა არ არის პარტიული ამბიციების დრო. ვაჩვენოთ ხელისუფლებას ერთიანი პოზიცია”.


რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი უკვე გამოეხმაურა ამ მოწოდებას და განაცხადა: ”ვითვალისწინებთ რა 2 კვირის განმავლობაში შიმშილობის აქციის მონაწილე ოპოზიციის ლიდერების მდგომარეობას, რესპუბლიკური პარტია შეუძლებლად თვლის დღეს რაიმე შეფასებებისა და კომენტარების გაკეთებას, თუმცა ერთ საკითხში სიცხადე უნდა შევიტანოთ ახლავე – რესპუბლიკურ პარტიას არ სჭირდება საჯარო მოწოდებები მოშიმშილეთა ბოლო მოთხოვნასთან შესაერთებლად, ვინაიდან სწორედ ამ ინიციატივით გამოვიდა რესპუბლიკური პარტია რამდენიმე დღის წინ”. 

ლეიბორისტული პარტიის წევრმა გიორგი გუგავამ მოუწოდა ოპოზიციას შეწყვიტოს შიმშილობა.  

Exit mobile version