საქართველო ერაყში 2 ათასი ქართველი ჯარისკაცის ყოფნას რამდენიმე თვით გაახანგრძლივებს, განაცხადა ვაშინგტონში მყოფმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ 20 მარტს.
მისი თქმით, ეს საკითხი იქნა განხილული აშშ-ს თავდაცვის მდივანს რობერტ გეითსსა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის 20 მარტს გამართულ შეხვედრაზე. ლომაიამ, რომელიც ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდა, ”რუსთავი 2”-ს განუცხადა: ”შეხვედრაზე მათ თხოვეს საქართველოს პრეზიდენტს, რომ ქართული შენაერთების ყოფნა ერაყში გახანგრძლივდეს რამდენიმე თვით, ვინაიდან ჩვენი ამერიკელი კოლეგების შეფასებით ქართული შენაერთების ყოფნა იმ ზონებში ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამხედრო ამოცანების გადასაწყვეტად და მთლიანობაში სამხედრო ოპერაციის წარმატებისთვის”.
საქართველომ ერაყში სამხედროთა რაოდენობა 850-დან 2 ათას კაცამდე გასულ წელს გაზარდა, თუმცა მათი 300-მდე შემცირება ამ ზაფხულს იგეგმებოდა.
ქართული კონტინგენტი ერაყის ვასითის პროვინციაშია განლაგებული, სადაც ბაღდადიდან 185 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ალ კუტის და ირანთან საზღვრის პატრულირებას ახორციელებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დეკემბერში ალ კუტში ერთი ქართველი სამხედრო ავტოავარიაში დაიღუპა, ოქტომბერში კი ერთმა ჯარისკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
2003 წლის აგვისტოდან ქართული ძალების ერაყში განთავსების შემდეგ სულ 18 ქართველი სამხედრო დაშავდა.
პრეზიდენტმა ბუშმა 19 მარტს ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე თავის ქართველ კოლეგას მიხეილ სააკაშვილს განუცხადა: ”საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ის ძალები, რომელიც იქ [ერაყში] მიავლინეს, არიან გაბედული, მამაცი პროფესიონალები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს”.