რვა ოპოზიციური პარტიის კოალიცია და ახალი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ ისინი შეწყვეტენ შიმშილობის აქციას და მიუსხდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას სხვა თემებზე სასაუბროდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დააკმაყოფილებს მათ ”ერთადერთ” მოთხოვნას მაჟორიტარული არჩევნების რეგიონული პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე.
ეს განცხადება ოპოზიციის სახელით ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, რომელიც მე-12 დღეა შიმშილობს, ოპოზიციონერ პარტნიორებთან ერთად პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მან წარმოადგინა ”კომპრომისული” წინადადების დოკუმენტი სახელწოდებით – საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პოლიტიკური ორგანიზაციების შეთანხმება:
”საქართველოში შექმნილი კრიტიკული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიზნით ვთანხმდებით:
საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული 75 მაჟორიტარული მანდატი გადანაწილდეს რეგიონალური პროპორციული პრინციპით ეუთოს რეკომენდაციის შესაბამისად. რეგიონალურ ოლქებად დაყოფის დროს გათვალისწინებული იქნეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის წარმომადგენლობა,”- ნათქვამია დოკუმენტში.
ამ დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი ოპოზიციური კოალიციის სუბიექტებს და ახალი მემარჯვენეების ლიდერს, ხოლო ღიად არის დარჩენილი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ხელმოწერა.
”თუ აქ ეს [ბურჯანაძის] ხელმოწერა აქ არ იქნება, ჩვენ აქციებს ვერ შევწყვეტთ,”- განაცხადა დავითაშვილმა.
მან ასევე შეახსენა მმართველ პარტიას, რომ პატრიარქმა იმის პარალელურად, რომ ოპოზიციას შიმშილობის აქციის შეწყვეტა თხოვა, ასევე მოუწოდა მმართველ პარტიას გადადგან შემხვედრი ნაბიჯები.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა პოზიციას დაიკავებს ხელისუფლება, თუმცა მმართველი პარტია აქამდე აცხადებდა, რომ 75 მაჟორიტარის ერთმანდატიანი ოლქებიდან არჩევის პრინციპს არ დათმობდა.