ბაქრაძე აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შესახებ საუბრობს

თბილისსა და ვაშინგტონს შორის კონფლიქტების მოგვარებისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე ”ერთსულოვანი” პოზიციები გააჩნიათ, რაც ქმნის ერთობლივი ძალისხმევით პროცესების სასურველი მიმართულებით წაყვანის საფუძველს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ.


მან ეს განცხადება დღეს პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა ვაშინგტონში.

მისი თქმით, საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს კონფლიქტების მოგვარება და აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტისთვის მზადება, სადაც საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი განიხილება.


”ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ქალბატონი რაისისგან მოვისმინეთ ასევე ძალიან ღია და მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის. მოვისმინეთ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსთვის ბუქარესტში კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ქალბატონმა რაისმა ასევე ცალსახად დაადასტურა ამერიკის ტრადიციული მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ იზიარებს ქართული მხარის შეშფოთებებს, რომელიც უკავშირდება უკანასკნელ პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთში გადადგმულ ნაბიჯებს,”- განუცხადა ბაქრაძემ ქართველ ჟურნალისტებს, ”მე ვფიქრობ, პოზიციების ასეთი თანხვედრა არის ჩვენთვის კარგი წინაპირობა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ პროცესების სასურველი მიმართულებით წაყვანას”.


19 მარტს პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკელ კოლეგას ჯორჯ ბუშს შეხვდა, რომელმაც ღია მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ბუქარესტის სამიტზე. საქართველოში გამომგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი ასევე შეხვდება აშშ-ს თავდაცვის მდივანს რობერტ გეითსს.

Exit mobile version