პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკური ძალის თანხმობის შემთხვევაში, ის მზადაა გადახედოს რეფერენდუმის შედეგებს და 150 წევრიანი პარლამენტის რიცხოვნობა პროპორციული მანდატების ხარჯზე გაზარდოს.
”ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას გაუჩნდა აზრი, რომ არ არის კარგი, რომ მხოლოდ 75 წარმომადგენელია პროპორციული და იქნება 100-მდე გაზრდილიყო ეს რაოდენობა ან 110-მდე აფხაზეთის [მანდატების] ჩათვლით. თქვენ იცით, რომ რეფერენდუმის შედეგი იყო 150 კაციანი პარლამენტი, მაგრამ თუ ეს მოემსახურება ეროვნულ თანხმობას, სხვადასხვა პარტიებს შორის კონსენსუსს, ჩვენ მზად ვართ ასევე, რა თქმა უნდა, ავუხსნათ ჩვენ ხალხს, რომ ამისთვის ღირს 45 თუ 35 ადგილის დამატება, მაგრამ იმ პირობებში, თუ ყველა პოლიტიკური ძალა ამაზე შეთანხმდება,”- განაცხადა აშშ-ში ვიზიტად მყოფმა სააკაშვილმა, ”მე არ მინდა მათ [ოპოზიციამ] გაუშვან ბოლო შანსი, რომ ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბოთ არჩევნების თარიღი და თუ მოვასწრებთ პროცედურულად და თუ იქნება საერთო შეთანხმება, დავამატოთ თუნდაც ეს 35 ადგილი საარჩევნო სიებს”.
სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ 150-კაციან პარლამენტში 50 მაჟორიტარი 75-მდე გაიზარდა, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხვმა 75-მდე დაიკლო.
დღეს ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოვიდა დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 175-მდე გაზრდის ინიციატივით, საიდანაც 100 პროპორციული სისტემით იქნება არჩეული. მისი თქმით, ეს ინიციატივა ”ჩიხიდან გამოიყვანს პოლიტიკურ პროცესს”.
რამდენიმე დღით ადრე ეს წინადადება უკვე შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მის მისაღებში მოშიმშილე ახალ მემარჯვენეებს, თუმცა ოპოზიცია უარს აცხადებს ამ ვარიანტზე, რადგან, მათი თქმით, ეს ნიშნავს 2003 წლის ნოემბრის რეფერენდუმის შედეგების იგნორირებას, რომლის თანახმადაც ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა 235 დეპუტატის 150-მდე შემცირებას.