კარასინი აფხაზეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე საუბრობს

რუსეთის გამოსვლა 1996 წლის დსთ-ს შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთს სანქციებს უწესებს, ხელებს უხსნის მოსკოვს ”უფრო ფართომასშტაბიან სოციალურ-ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინოს აფხაზ ხალხს,” განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ყოველკვირეულ ჟურნალ ”ოგონიოკთან” ინტერვიუში.


”ჩვენ ველით ვაჭრობის ზრდას, კულტურის, განათლების და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას,” – განაცხადა კარასინმა ინტერვიუში, რომელიც 17 მარტს გამოქვეყნდა.


მან კატეგორიულად უარყო, რომ რუსეთის გამოსვლას შეთანხმებიდან მოყვება იარაღის მიწოდება აფხაზეთისთვის. ”ამ საკითხში ჩვენ მკაცრად ვიცავთ საერთაშორისო წესებს,” – განაცხადა მან.  


ეკონომიკურ ემბარგოსთან ერთად, 1996 წლის შეთანხმება ასევე კრძალავს იარაღით ვაჭრობას აფხაზეთთან. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ შეთანხმებიდან გამოსვლით რუსეთი აღარ იზღუდება ვალდებულებით, რომ მიყიდოს ან მიაწოდოს შეიარაღება აფხაზეთს. 


კარასინმა ასევე განაცხადა, რომ თებერვალში რუსულმა მხარემ აცნობა თბილისს, რომ აფხაზეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას აპირებდა. ”თუმცა, თბილისის რეაქცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა,” – დასძინა მან. ქართული მხარე აცხადებს, რომ რაიმე შეტყობინება ამასთან დაკავშირებით წინასწარ არ მიუღია.   


კარასინმა ასევე მიანიშნა, რომ რუსეთი არ შეზღუდავს რუსულ კომპანიებს აფხაზეთიც ჩართონ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მზადების პროცესში.


”რამდენადაც ვიცი, [რუსეთის სახელმწიფო] კორპორაცია ”ოლიმპსტროი” და რამდენიმე სხვა კერძო კომპანია არიან ჩართული სოჭში ოლიმპიური თამაშებისთვის ინფრასტრუქტურის შექმნაში. თავისუფალ არჩევანსა და საბაზრო ეკონომიკაზეა დამოკიდებული, თუ ვის მოწვევას გადაწყვეტენ ეს კომპანიები,” – განაცხადა კარასინმა. 


მან ასევე აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნის პარალელურად, რუსეთი ზოგიერთ ეკონომიკურ ”შეზღუდვას” საქართველოსაც უხსნის, კერძოდ საუბარია პირდაპირ ფრენებზე, ვიზებზე საქართველოს მოქალაქეებისთვის და საფოსტო კავშირზე. ამ ჩამონათვალში კარასინმა არ დაასახელა ქართულ ღვინოზე და სხვა პროდუქტებზე არსებული ემბარგო.  

Exit mobile version