პარლამენტი და მთავრობა ეროვნულ ბანკზე შეთანხმდნენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პროფიციტული ბიუჯეტის პირობებში 12%-იანი ინფლაციის გამო თანამდებობიდან ავტომატურად აღარ გადადგება და ამ პირობებში პარლამენტს პრეზიდენტის წინაშე მთავრობის გადადგომის საკითხის დაყენების უფლება მიენიჭება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 14 მარტს პარლამენტის სხდომაზე, ვიდრე პარლამენტი მხარს დაუჭერდა ერობნული ბანკის შესახებ კანონის მიღებას მესამე მოსმენით.


აღნიშნულ შეთანხმებას პარლამენტის ხელმძღვანელობამ და პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტში სადავო დებულებებთან დაკავშირებით დღეს მიაღწიეს. ამ შეთანხმებამდე პარლამენტმა გააფრთხილა მთავრობა, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა ძველი ფორმულირებების დარჩენის პირობებში, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ავტომატურად გადადგომაზე იყო საუბარი. 


დღეს შეთანხმებული ვარიანტით, თუ 6 მიმდევრობითი კვარტლის განმავლობაში ინფლაციამ პროფიციტული ბიუჯეტის პირობებში, რაც უშუალოდ მთავრობის პასუხისმგებლობაა, 12%-იან ზღვარს გადააჭარბა, პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების მიზანშეწონილობის თაობაზე და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისა ან პოსტზე დატოვების თაობაზე.


ასევე შეთანხმების საგანია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა მაქსიმალური რაოდენობა 9  წევრს არ უნდა აღემატებოდეს, სადაც ასევე შეიძლება შედიოდნენ საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირები. თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები აუცილებლად საქართველო მოქალაქეები უნდა იყვნენ.


ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) განაცხადა, რომ ახალი პირობის დაწესება, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  ავტომატურად უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული თანამდებობიდან 12%-ზე მეტი ინფლაციის პირობებში, შეასუსტებდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.


თუმცა სსფ მიესალმა რევოლუციურად წოდებულ ფინანსურ პაკეტს, რომლის შემადგენელი ნაწილია ეროვნული ბანკის შესახებ კანონი.

Exit mobile version