შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა დარტყმას აყენებს საქართველოს შანსებს 2-4 აპრილს ბუქარესტის სამიტზე მიიღოს ალიანსში წევრობის სამოქმედო გეგმა, მიმართავს პრეზიდენტი სააკაშვილი ოპოზიციას, რომელიც მეხუთე დღეა შიმშილობის აქციას მიმართავს.
ბრიუსელში ჩაწერილ ვიდეო-მიმართვაში საუბრისას, რომელიც 13 მარტს ქართულმა ტელევიზიებმა აჩვენეს, სააკაშვილმა მიანიშნა, რომ ცოტა დრო რჩება საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად და თუ ოპოზიცია მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში დიალოგს არ გაანახლებს, მმართველ პარტიას მოუწევს საკითხების ცალმხრივ რეჟიმში გადაწყვეტა.
”ყველანაირი შიდა არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, ხელს უშლის საქართველოს პროგრესს და რა თქმა უნდა, ხელს უშლის საქართველოს პოზიციების გაძლიერებას და ჩვენი მთავარი საკითხების გადაწყვეტას,”- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილს საარჩევნო საკითხებში მხედველობაში ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესზე და სხვა მნიშვნელოვან პროცედურულ საკითხებზე ოპოზიციასთან შეთანხმების აუცილებლობა.
”უახლოეს დღეებში ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საარჩევნო ვადა იმიტომ, რომ უკვე მივადექით იმ პერიოდს – არჩევნების თარიღი ორი თვით ადრე ცხადდება. ამიტომ ეს იყო ბოლო ვადა, როცა უნდა ჩამოგვეყალიბებინა თამაშის წესები როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყო სისტემურად არჩევნები,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ძალიან მნიშვნელოვანია საკითხები როგორ უნდა იყოს საარჩევნო კომისია ორგანიზებული, როგორ უნდა იყოს ხმების დათვლა ზუსტად ორგანიზებული, რა თქმა უნდა, აქ ბევრი ხარვეზებია. ეს არის ზუსტად ის საკითხი, რაც ასევე სასურველია, რომ ერთობლივი ძალებით გადავწყვიტოთ. თუმცა აქაც ვადებია. თუ უახლოეს 2-3 კვირაში ეს არ გადაწყდა, მაშინ ამის ვადაც გავა და მაშინ ისევ მოუხდება პოლიტიკოსების ერთ ჯგუფს ამის გადაწყვეტა მეორე ჯგუფთან შეთანხმების გარეშე და ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან არასასურველი”.
მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ წინასაარჩევნო მოლაპარაკებებში ხელისუფლება ძალიან ბევრ დათმობაზე წავიდა.
”მე ვარ თვითონ ამის მომსწრე. ისეთი საკითხები დავთმეთ და დაითმო, რომელიც წარმოუდგენელი იყო როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ. და ეს არის სწორი იმიტომ, რომ ბევრი რაღაცა უნდა დათმო იმისათვის, რომ იყოს პოლიტიკური თანხმობა ქვეყანაში. მაგრამ პირობები სულ იცვლებოდა და სულ ახალ-ახალი პირობები წარმოიქმნებოდა [ოპოზიციის მხრიდან],”- განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა ის არა ერთსულოვნება, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში არსებობს.
”პრობლემა იმაშია, რომ თვითონ ამ ბანაკში, ოპოზიციურში არის სერიოზული პრობლემები და სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მაგრამ ჩვენ მივედი იმ ზღვარზე, რომლის იქით, თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებოდით და თუ გადაწყვეტილებას არ მივიღებდით, არჩევნები გაზაფხულზე არ შედგებოდა, ე.ი. ქართველი ხალხის ნება ვეღარ განხორციელდებოდა და ეს არის ყველაზე დაუშვებელი რამ რაც შეიძლება მოხდეს”.
”ჩვენ ყველა გზა უნდა მოვნახოთ, ყველაფერი უნდა დავთმოთ, მუდმივად ველაპარაკოთ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთს იქით გზა არ გვაქვს, ჩვენ ვართ ერთმანეთზე დამოკიდებული, ერთი ჯაჭვით ვართ შეკრული, ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენ უნდა ვისწავლოთ არა მეგაფონებში ლაპარაკი ერთმანეთთან, არამედ მუდმივად მოლაპარაკებების მაგიდასთან, საპარლამენტო კედლებში ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა,”- დასძინა მან.
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ”როგორც კი ჩამოვყალიბდებით საარჩევნო სისტემაზე”, ის მზადაა პარალელურად გამოვიდეს ახალი ინიციატივებით და პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე შეამციროს პრეზიდენტის ძალაუფლება.
”მე მინდა, რომ პარლამენტმა ყოველდღიურად აკონტროლოს მთავრობა, მინდა, რომ ყოველდღიურად დასვას ძალიან მკაცრი შეკითხვები – ის კითხვები, რომელსაც თვითონ ამ პარლამენტარებს უსვამს ხალხი,”- განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა ახალი ინიციატივის დეტალებში განხილვას თავი აარიდა, ”ერთმანეთის სწორად დაბალანსება ხელისუფლებაში, როცა ის სწორად არის ორგანიზებული, ემსახურება ქვეყნის გაძლიერებას და საბოლოო ჯამში, წარმატების მიღწევას”.
მან ასევე განაცხადა, რომ ისურვებდა მომავალი პარლამენტი გაცილებით პლურალისტური იყოს.
”ჩემი ინტერესია, რომ მაქსიმალურად ფართო სპექტრი იყოს წარმოდგენილი პარლამენტში იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად არის ინტეგრირებული ყველა პოლიტიკური ჯგუფი საპარლამენტო ცხოვრებაში, მით ნაკლები არის რაიმე სახის არეულობის, დესტაბილიზაციის, ე.ი. ინვესტიციები შეჩერების საფრთხე,”- აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, რომელიც მმართველმა პარტიამ ოპოზიციის მწვავე პროტესტის მიუხედავად მაინც მიიღო და რომელიც 150-წევრიან პარლამენტში 75 მაჟორიტარის არჩევას ითვალისწინებს.
”თითოეული რაიონიდან დეპუტატის პირდაპირ არჩევა ხალხის მიერ და ასეთი შემადგენლობით პარლამენტის ნახევრის ჩამოყალიბება საქართველოს პარლამენტს აძლიერებს, ზოგადად და ასევე საპრეზიდენტო ხელისუფლებასთან მიმართებაში,”- განაცხადა სააკაშვილმა და განაგრძო, ”ამ სიტუაციაში, როცა ჩვენ ნახევარ პარლამენტს ასე ვაკომპლექტებთ, ეს დეპუტატი ხდება დამოკიდებული არა პრეზიდენტზე, არა მის გამყვან პარტიაზე, არამედ უშუალოდ, ყოველდღიურად ხდება დამოკიდებული ამომრჩეველზე, მის პრობლემებზე, მის წუხილზე, მის მოთხოვნებზე… მე, როგორც პრეზიდენტი, რომელიც მივესალმები ამ პარლამენტის გაძლიერებას იმიტომ, რომ ეს არის ამ შემთხვევაში ხალხის გაძლიერება, მზად ვარ ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულ დეპუტატებთან ვითანამშრომლო ყოველდღიურად მათი პრობლემების გადაწყვეტაზე”.
12 მარტს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა სადავო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 75 ოლქიდან თითო მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას ითვალისწინებს. შედეგად, მანამდე კონსტიტუციით განსაზღვრული 50 მაჟორიტარი 75-მდე გაიზარდა, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხვმა 75-მდე დაიკლო. ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება განაცხადა რა, რომ ეს ხელს აძლევს მმართველ პარტიას, რომელსაც მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის გარანტიების შექმნა სურს. მაჟორიტარების თემაზე მმართველ პარტიასთან შეუთანხმებლობა გახდა ის საბაბი, რამაც უბიძგა ოპოზიციას პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის – შიმშილობისათვის მიემართა სამართლიანი არჩევნებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მოთხოვნით.