საქართველოს მისწრაფება ნატოში არ ლახავს რუსეთის სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს, განაცხადა 12 მარტს საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა.
”ჩემი ამოცანა იქნება ზუსტად ეს, რომ დავარწმუნოთ რუსეთის მხარე, რომ არსებობს ჩვენი კანონიერი, სუვერენული ინტერესები ევროპული ინტეგრაციის და ამავე დროს, არსებობს ჩვენი ხალხის დიდი სურვილი რუსეთთან ძალიან ახლო, მჭიდრო, კეთილმეზობლური, ღრმად ნათესაური და ღრმად რელიგიური ურთიერთობების,”- განაცხადა კიწმარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ახალ თანამდებობაზე მისი ამოცანა იქნება ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება რუსეთთან და ადამიანური კონტაქტების აღდგენა, მათ შორის რუსული საზოგადოების სწორად ინფორმირების გზით საქართველოს შესახებ.
კიწმარიშვილი, რომელსაც რწმუნებათა სიგელები ჯერ არ გადაუცია რუსეთის ხელმძღვანელობისათვის, პარლამენტმა ელჩად 29 თებერვალს დაამტკიცა. მან ამ თანამდებობაზე ირაკლი ჩუბინიშვილი შეცვალა. კიწმარიშვილი ”რუსთავი 2”-ის დამფუძნებელია და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტელეკომპანიას; იგი ასევე იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პრეზიდენტი.