აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ბრიუსელში 6 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ბაქრაძეს შეხვდა.
ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში განაცხადა: ”ბუნებრივია როგორც ყოველთვის ჩვენს მეგობრებთან საუბარი წარიმართა ძალიან მეგობრულად და საქმიანად. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ შედგა შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ქალბატონ რაისთან. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ვისაუბრეთ იმ გეგმებზე და ამოცანებზე, რაც აქვს საქართველოს შემდგომი განვითარების და შემდგომი დემოკრატიული ფასეულობების გაძლიერების თვალსაზრისით. ბუნებრივია, საუბარი შეეხო ძალიან სერიოზულად საქართველოს მომავალ გეგმებს ნატოსთან დაკავშირებით. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის ბუქარესტში ნატოსაკენ წინ გადადგმული ნაბიჯები, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შემდგომი განვითარებისათვის, რაც ძალიან კარგად ესმით ჩვენ ამერიკელ მეგობრებს. იმავდროულად, ცხადია ჩვენ შევეხეთ კონფლიქტურ რეგიონებსაც. მადლობა გადავუხადე ქალბატონ რაისს იმ განცხადებისთვის, რომელიც მან გააკეთა აბსოლუტურად ადეკვატური განცხადება ოსეთთან დაკავშირებით და ჩავაყენე საქმის კურსში იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ბუნებრივია ეს განცხადება სრულიად მიუღებელი და აღმაშფოთებელია და მე იმედი მაქვს, რომ ამ განცხადებას მოყვება ადეკვატური რეაგირება, როგორც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხრიდან, ასევე ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდანაც”.