აფხაზურმა მხარემ ორი დაკავებული ქართველი გაათავისუფლა

აფხაზურმა მხარემ 6 მარტს ორი დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია და დავით წოწორია გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა დაადასტურა. 

ტელეკომპანია ”მზემ” პირდაპირ ეთერში გააშუქა ენგურის ხიდზე ჟურნალისტის გადმოსვლის მომენტი. ბასიალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი თავდაპირველად გალის რაიონში დააკავეს და მოგვიანებით სოხუმში გადაიყვანეს.


”პირადად მე ვიმყოფებოდი 3 დღის განმავლობაში ე.წ. კარცერში, შემდეგ გადამიყვანეს ჩვეულებრივ კამერაში,”- განაცხადა ბასილაიამ, ”ჩვენ გამოვიარეთ 10 დღის განმავლობაში ტანჯვა, წამება, მაგრამ ჩვენ იმედი გვქონდა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის, რომ არ გაგვწირავდნენ”.  

მან შეკითხვაზე ხორციელდებოდა თუ არა მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, უპასუხა: ”ხორციელდებოდა. თუ შეიძლება ამაზე გვიან მოგიყვებით”.


ტელეკომპნია ”მზის” ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია, საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – დავით წოწორიასთან და მაია დანელიასთან ერთად გალის რაიონში 26 თებერვალს დააპატიმრეს. დანელია 1 მარტს გაათავისუფლეს. ხოლო წოწორიას და ბასილაიას ”საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” დასდეს ბრალი და სოხუმის იზოლატორში დატოვეს.


აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 3 მარტს განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლება გაათავისუფლებდა ორ ქართველს, თუ გაირკვევოდა, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის გარდა მათ სხვა დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. მან ეს განცხადება აფხაზ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელთაც აფხაზეთის ხელისუფლებას მათი ქართველი კოლეგის გათავისუფლება სთხოვეს. 


აფხაზი ჟურნალისტების თხოვნას სეპარატისტული ხელისუფლებისადმი წინ უძღოდა რამდენიმე ქართული მედია საშუალების მოწოდება აფხაზი კოლეგებისადმი ჩარეულიყვნენ სიტუაციის მოგვარებაში.


”ძალიან პოზიტიურია, რომ საკითხი გადაწყდა ქართველი ჟურნალისტების და თქვენი აფხაზი კოლეგების მცდელობების შედეგად,” – მიმართა თემურ იაკობაშვილმა 6 მარტს ქართველ ჟურნალისტებს.



 

Exit mobile version